01.09.2020
ცვლილებები საქართველოს პარლამენტის „ადამიანის უფლებათა კომიტეტის“ თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტის ფარგლებში შემუშავდა და როგორც ავტორი განმარტავს, მათი მიზანი არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვაა.
„მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებებით:
- მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა;
- მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
- მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას.
- მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით:
- 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე;
- 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე;
- 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;
- 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.
ცვლილების თანახმად, სამაუწყებლო ბადეში ასეთი პროგრამა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ იგი შესაბამისი ასაკის არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ მასალას შეიცავს. გაფრთხილება მოიცავს სპეციალურ ვიზუალურ ნიშანდებას მასალის გადაცემისას განუწყვეტლად, აგრეთვე ტექსტურ და ვერბალურ გაფრთხილებას წინასწარ, მასალის გადაცემამდე.
ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივით ის კრიტერიუმებიც განისაზღვრა, რომლებზე დაყრდნობითაც, მაუწყებლებმა სამაუწყებლო ბადე უნდა დაგეგმონ. ესენია: პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულება; ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა); ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას და ა.შ.
აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის გამო, შესაძლოა, კომისიამ მაუწყებლებს ლიცენზია შეუჩეროს.
მაუწყებლების
გამოხმაურება
პირველი სექტემბრიდან ამოქმედებულ ცვლილებებს ტელეკომპანია „მთავარია
არხის“ „ფორმულას“, „ტელეკომპანია პირველის“, „კავკასიისა“ და
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ პარლამენტისა და კომუნიკაციების
კომისიის მისამართით გავრცელებული მიმართვა მოჰყვა, რომელშიც ისინი
საკანონმდებლო ცვლილებებში მთელი რიგი საკითხების გარშემო არსებულ
„ბუნდოვანებაზე“ მიუთითებენ და მიმართვის ადრესატებისგან შესაბამის
განმარტებებს ითხოვენ.„კეთილშობილური მიზნის ფასადირებით ცვლილებების კანონში გადმოტანით, სახელმწიფოს ეძლევა ბერკეტი განახორციელოს მაუწყებლების სრული სარედაქციო კონტროლი, რის შედეგადაც მაუწყებლებს შეექმნათ მძიმე ფინანსური პრობლემები სანქციის სახით და საბოლოო ჯამში, შეუჩერდებათ მაუწყებლობის უფლებაც“, - აცხადებენ ისინი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ“ (GDI) 31 აგვისტოს, მთავარი არხის, ფორმულას, ტელეკომპანია კავკასიასა და ტელეკომპანია პირველის და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითი ჯგუფის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.
GDI მიიჩნევს, რომ მაუწყებლებისთვის დღეს ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმები ცენზურაა და არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.
“კანონში გამოყენებული ტერმინები, იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობას აძლევს მისი სუბიექტური შეხედულებით გადაწყვიტოს რა გაუშვას მაუწყებელმა ეთერში და რა არა. მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩო მაუწყებლებს მათი ეთერის შინაარსის განსაზღვრისას იმდენად დამოკიდებულს ხდის კომუნიკაციების კომისიაზე, რომ ატარებს ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს და ეწინააღმდეგება ცენზურის დაუშვებლობის აბსოლუტურ ხასიათს”, - აცხადებს GDI.
ორგანიზაციის შეფასებით, მედიის თავისუფლებისთვის მსგავსი შებოჭვა განსაკუთრებით დაუშვებელი და საფრთხის შემცველი წინასაარჩევნო პერიოდშია. მაშინ, როდესაც გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის.
“სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან ერთად, სარჩელით ასევე ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მათი მოქმედების შეჩერებას. მიგვაჩნია, რომ ნორმებს აქვს რესურსი უარყოფითად იმოქმედოს, არა მხოლოდ მათში ჩამოთვლილი ინფორმაციის, არამედ იმ ინფორმაციის გავრცელებაზეც რაც სცდება მათი დაცვის სფეროს და რომელზე წვდომაც, საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. მაუწყებელთა საქმიანობის შეჩრების საფრთხე და ინფორმაციის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა კი შეუქცევად ზიანს წარმოადგენს როგორც მაუწყებლებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის ვისაც სურს ინფორმაციის მიღება”, - ნათქვამია GDI-ის განცხადებაში.