პანკისის სათემო რადიოს დარბევით ემუქრებიან, მის დამფუძნებელს
გელა მთივლიშვილს კი ერთკვირიანი ვადა მისცეს პანკისის ხეობაში
საქმიანობის შესაწყვეტად. რადიოს წინააღმდეგ უკვე გაიმართა საპროტესტო
აქცია, რომლის ორგანიზატორი, რადიოს ინფორმაციით, ადგილობრივი
ჩინოვნიკების მიერ წახალისებული, დუისში მოქმედი „როდი სკოტის
სახელობის ფონდი საქართველოს“ ხელმძღვანელი იყო. სათემო მაუწყებელში
ფიქრობენ, რომ პროტესტი მათმა კრიტიკულმა სარედაქციო პოლიტიკამ
გამოიწვია.
რადიო WAY-ს წინააღმდეგ დაწყებულ პროტესტზე ვრცელი მასალა თავად
მაუწყებელმა გამოაქვეყნა. რადიოს ინფორმაციით,
29 აგვისტოს, პანკისში, სოფელ დუისში, იქ, სადაც სათემო მაუწყებლის
ოფისი მდებარეობს, საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 150-ზე მეტი
ადგილობრივი მონაწილეობდა.
რადიო WAY წერს, რომ ლია მარგოშვილი, რომელიც აქციის ორგანიზატორი
იყო, „ქართული ოცნების“ აქტივისტი და საარჩევნოდ, მათი
წარმომადგენელია დუისის უბანზე. როდი სკოტის ფონდს მრავალი წელია
პანკისში ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსები აქვს და მისი
ოფისი იმავე შენობაშია, სადაც რადიოს ოფისი. შენობა ახმეტის
მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, რადიოს 89.7 კვმ სამუშაო ფართი
მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვს აღებული 2015 წლიდან 2021 წლის
ჩათვლით სარგებლობის უფლებით. ამავე შენობის პირველ სართულზეა
პანკისის მუზეუმი, მცირე სამკერვალო საწარმო, სტომატოლოგიური კაბინეტი
და ასევე, ცხოვრობს ორი ხანდაზმული ქალი.
რადიოს ინფორმაციით, როდი სკოტის ფონდი შენობის შესყიდვას აპირებს და
მას უკვე აქვს თანხმობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან. რადიო WAY
წერს, რომ მისი ინფორმაციით, ფონდის ხელმძღვანელი მათ, ვინც ამ
შენობაში იჯარით ან იჯარის გარეშე სარგებლობს ფართს, დაპირდა, რომ
გაძევების საფრთხე არ ემუქრებათ. თუმცა, იგივე ბედი არ ელის რადიოს, -
2021 წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც იჯარის ხელშეკრულებას ვადა გაუვა,
ახალი მესაკუთრე რადიოსთვის ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ
აპირებს.
„ოფისის კაპიტალურ რეაბილიტაციაში რადიოს დაახლოებით 60 ათასი
ლარი აქვს დახარჯული. სათემო მაუწყებლობის გარდა, რადიოში პერიოდულად,
ზაფხულობით ფუნქციონირებს უფასო სასწავლო კურსები, სადაც ახალგაზრდები
და ქალები ავტომობილის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ, ბუღალტერიის,
მცირე პროექტების წერისა და გრანტების მოძიების კურსებს გადიან. 2
წლის განმავლობაში დაახლოებით 300-ზე მეტმა ადამიანმა
ისარგებლა“, - წერს რადიო WAY.
რადიოში ფიქრობენ, რომ მათ წინააღმდეგ აქცია-პროტესტი მას შემდეგ
დაიგეგმა, რაც რადიოს ჟურნალისტები შენობის გაყიდვის საკითხით
დაინტერესდნენ. მათი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შენობის შესაძლო
პრივატიზების საკითხზე ინფორმაცია მოითხოვეს, ახმეტის მერმა იოსებ
ქარუმაშვილმა როდი სკოტის ფონდის ხელმძღვანელს უთხრა, რომ შენობას
ვეღარ მისცემდნენ. „მარგოშვილს ურჩიეს, დუისში აქცია მოეწყო, რაც
შეიძლება მეტი ხალხი შეეკრიბა და შენობის გადაცემა მოეთხოვა. მერიაში
დასახული გეგმის მიხედვით, აქციაზე მივიდოდნენ ახმეტის საკრებულოს
წევრები პანკისის სოფლებიდან და მერიის თანამშრომლებიც”, - - წერს
რადიო WAY. მაუწყებლის ინფორმაციითვე, „დაიგეგმა, რომ ამ აქციაზე
მონაწილეებს პროტესტი უნდა გამოეთქვათ პანკისის სათემო რადიოს და მისი
დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ, ის ხეობისა და
მოსახლეობის ინტერესების დაზიანებაში უნდა დაედანაშაულებინათ და
პანკისიდან მისი გასვლა მოეთხოვათ“.
რადიო WAY წერს, რომ აქციაში მონაწილეობდნენ სკოლის მასწავლებლები,
რომელთაც დაავალეს აქციაზე 20 მონაწილე მიეყვანათ, ასევე, სოფლის
უხუცესები, რომელთაც მხარდაჭერა მარგოშვილმა სთხოვა, იმ მოტივით, რომ
გელა მთივლიშვილი შენობიდან ფონდის გამოძევებას აპირებდა. ასევე,
აქციაში მონაწილეობდნენ ის პირები, რომელთა შესახებაც, სხვადასხვა
დროს, რადიოს კრიტიკული რეპორტაჟები აქვს მომზადებული.
„ამ ხეობაში, თუ რამე ზიანი ხდება, ყველაფერი მისგან მოდის.
აი, ჰესიდანაც ბევრი რაღაცეებია, ამ ბოლო დროსაც ბევრი რაღაცაა, რასაც
ის აზიანებს. არასდროს ჩვენი ხალხის ინტერესები არ დაუცავს მას.
ხეობაში 10-20 კაცი იქნება მისი მომხრე, დანარჩენი ყველა მისი
წინააღმდეგია. ის ამ ხეობიდან უნდა გავუშვათ. წავიდეს და სხვაგან
იმუშაოს. ჩვენ გვაბინძურებს ის. მან ეს ხეობა დააბინძურა. მას რაღაც
დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა, ამ დროის მერე შევიკრიბებით,
ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი დღეს აქ ამის
გამო მოვიდა.
ამ საქმესაც ღმერთის წყალობით მოვაგვარებთ და შენობას არავის
დავუთმობთ“, - ციტირებს რადიო WAY აქციაზე გამომსვლელ
ადგილობრივს თამაზ მარგოშვილს.
პანკისის სათემო რადიო იმოწმებს სისხლის სამართლის 154-ე მუხლს, რაც
გულისხმობს სასჯელს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ
ხელისშეშლისთვის, ასევე, ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ
აქცია, სადაც სათემო რადიოს ოფისის დარბევითა და ჟურნალისტისათვის
პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლით დაიმუქრნენ, პოლიციის
შენობის გვერდით გაიმართა და გამომსვლელებს სამართალდამცავებიც
უსმენდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია
გამოძიება მუქარის ფაქტებზე.
პანკისის სათემო რადიო მიმართავს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 29 აგვისტოს
გამართულ აქციაზე განხორციელებულ მუქარის ფაქტებთან
დაკავშირებით.
ასევე, მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და
ადგილობრივ ხელისუფლებას, შეწყვიტონ მათი გავლენის ქვეშ მყოფი პირების
გამოყენებით, პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ
სიძულვილის გაღვივება და დეზინფორმაციის
გავრცელება.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ფიქრობენ,
რომ „პანკისის რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის
ნიშნებს შეიცავს. მედიაკოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან
„პანკისის რადიოს“ დარბევის მუქარაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას
ითხოვს.
„გუშინ, 2020 წლის 01 სექტემბერს გავრცელდა ვიდეო მასალა , რომელშიც
დაფიქსირებულია როგორ ემუქრებიან პანკისის სათემო რადიოს სტუდიის
დარბევითა და მოითხოვენ მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა
მთივლიშვილისაგან იძულებით - პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის
შესრულებაზე უარი თქვას.
მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის,
კოდექსის 154ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ჟურნალისტისათვის
პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები“, - ნათქვამია
განცხადებაში, რომელიც კოალიციამ დღეს, 2 სექტემბერს გაავრცელა.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიუღებლად
მიიჩნევენ მედიის შევიწროვების ყველა გამოვლინებას და მოუწოდებენ
სამართალდამცავ ორგანოებს დროულად აღკვეთონ „პანკისის რადიოს“ გუნდის
მიმართ არსებული ყველა რისკი.
შენიშვნა: "მედიაჩეკერი" რამდნიმე საათია ელოდება პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, უწყების პოზიციის გაგებისთანავე მასალა განახლდება.