პანკისის რადიო შსს-ს მოუწოდებს დაიცვას მათი უსაფრთხოება
05.09.2020
პანკისის სათემო რადიო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს პანკისის სათემო რადიოს და მისი თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს. Radio Way წერს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, დღეს, 5 სექტემბერს რადიოსა და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მორიგი აქციის გამართვა იგეგმება. მათივე ინფორმაციით, აქცია ორგანიზებულია როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი, პანკისის სათემო რადიო უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ რეაგირება მოახდინონ მედიაზე განხორციელებულ შეტევაზე:

“მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და მედია ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებულ სახიფათო მოვლენებსა და წინასაარჩევნოდ, თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ შეტევაზე” - წერს Radio Way.

რადიოს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 29 აგვისტოსაც გაიმართა. რადიოს დარბევით დაემუქრნენ და მის დამფუძნებელ გელა მთივლიშვილს ერთკვირიანი ვადა მისცეს პანკისის ხეობაში საქმიანობის შესაწყვეტად. სათემო მაუწყებელში ფიქრობენ, რომ პროტესტი მათმა კრიტიკულმა სარედაქციო პოლიტიკამ გამოიწვია.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ