07.09.2020
ბოლო ერთ კვირაში პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ ორი საპროტესტო აქცია გაიმართა - 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს. აქციის მონაწილეები პანკისის რადიოს დარბევით, მის დამფუძნებელს კი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ.
„მუშაობის საშუალებას არ მივცემთ. დავუდგებით და არ შევუშვებთ“; „თავის რადიოს დავამხობთ თავზე თუ მოითხოვა საქმემ“; „თუ წავა თავისი ფეხით, წავა, თუ არადა ძალით გავუშვებთ აქედან”, - ისმოდა 5 სექტემბერს გამართულ აქციაზე.
ამ ვითარების გამო რადიო WAY-ს მუშაობაში ცვლილებების შეტანა მოუხდა. გელა მთივლიშვილი “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას ამბობს, რომ, მოსალოდნელი საფრთხის გამო, თავს იკავებს პანკისში ჩასვლისგან, გააუქმეს ჟურნალისტური საქმიანობისთვის დაგეგმილი რამდენიმე მივლინება და, ასევე, შეაჩერეს გადაცემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო რადიოს ეთერში.
“პირველ შემთხვევაში, როცა 29 აგვისტოს გაიმართა აქცია, ჩვენ პირდაპირ დაგვემუქრნენ სათემო რადიოს დარბევით და ჩემი იძულებით, რომ არ მომცემენ საშუალებას ხეობაში მუშაობის. მეორე აქციის დროს, რომელიც გაიმართა შაბათს - როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტი, ჩემი კოლეგა სხვა საინფორმაციო საშუალებიდან, ეკითხება აქციის მონაწილეებს როგორ შემიშლიან ხელს მუშაობაში, ანუ რა ფორმით არ მომცემენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას - დააკონკრეტეს აქციის მონაწილეებმა, რომ დამამხობენ რადიოსთან ერთად და ფიზიკურად გამიწევენ წინააღმდეგობას”.
- ამავე თემაზე: პანკისის რადიოს ადგილობრივები უპირისპირდებიან, ხელმძღვანელი პროცესებში ხელისუფლების კვალს ხედავს
გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ მუქარის განხორციელების საფრთხე რეალურია: “ჩვენ გვაქვს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ამას არ ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს დაკავება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გვინდა. მხოლოდ რადიოს სტუდიაში ვიმუშავებთ ამ ეტაპზე და ველზე სამუშაოდ არ გავალთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ამ დაძაბულობის კვალდაკვალ ვინმეს რაიმე ზიანი და საფრთხე არ შევუქმნათ”.
გელა მთივლიშვილი სათემო რადიოს წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკასა და რადიოს შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებასა და “როდი სკოტის” ფონდს შორის არსებულ მოლაპარაკებებს უკავშირებს: “ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიოს დაუპირისპირდნენ. მე მახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კრიტიკულად გავაშუქეთ თემში მიმდინარე პროცესები, და მაშინაც იყო რადიოს მიმართ სერიოზული წინააღმდეგობა, მაგრამ ჩვენ ეს გადავლახეთ სწორი მიდგომებით”.
გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ მუქარების მიუხედავად, რადიო არ აპირებს თავისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირების იმედი არ აქვს, თუმცა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს:
“არ მაქვს დიდი იმედი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ან პროკურატურა რაიმენაირად ობიექტურ რეაგირებას მოახდენს ძალადობისა და მუქარის შემცველ განცხადებებზე. თუმცა, მეორე მხრივ, არც მე ვაპირებ გაჩერებას. ყველანაირად ვეცდები, რომ ხელი შევუწყო პროცესს ობიექტური გამოძიებისთვის”.
- ამავე თემაზე: პანკისის რადიო შსს-ს მოუწოდებს დაიცვას მათი უსაფრთხოება
გამოძიება კი, მიუხედავად ღია მუქარებისა, ასევე, თავად გელა მთივლიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა, ამ დრომდე არ დაწყებულა.
გელა მთივლიშვილმა 4 სექტემბერს გენერალურ პროკურორს წერილობით მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. პროკურატურაში “მედიაჩეკერს” განუცხადეს, რომ განცხადება 4 სექტემბერსვე გადაეგზავნა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა.
„პანკისის რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს - აცხადებენ კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები. პროცესებს საგანგაშოდ აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც”.
“საგანგაშოდ მივიჩნევთ პანკისის სათემო რადიო / Radio Way-ს და მისი დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიასა და მუქარის შემცველ განცხადებებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს მედიის საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 5 სექტემბერს გამოაქვეყნებულ განცხადებაში.