08.09.2020

მისივე შეფასებით, ასეთ დროს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რადგან მისი ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს ჟურნალისტებისთვის დამოუკიდებელი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.
“კოალიციის მედიის ადვოკატირებისთვის” კოორდინატორი ნათია კაპანაძე ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი შემთხვევები საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებისა და ინტერესების გადაკვეთაზე მიანიშნებს: “ცხადია, რომ თითქმის წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი პროცესების განვითარება, მით უფრო, როდესაც საკითხში ჩართულები არიან პოლიტიკური წრეებიდან, ანუ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული პირები, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ პროცესი არ არის თვითდინებით”.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ მედიის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით გამოძიების დაწყება საგამოძიებო ორგანოებს “არ უყვართ”, რადგან ქვეყანაში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე ეს დამატებითი პრობლემა და ბარიერია. თუმცა, მსგავი ტიპის შემთხვევები არ დაიმალება და აუცილებლად მოხვდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში:
“შეიძლება, ხელისუფლების, საგამოძიებო ორგანოების მიდრეკილება იყოს, რომ რაც შეიძლება გაჭიანურდეს ამ ტიპის საქმეების გამოძიება და რაც შეიძლება ნაკლები საქმე იყოს ამ და მსგავსი მუხლებით დაწყებული, იმას ვერავინ ვერსად გაექცევა, რომ ამ ტიპის შემთხვევები მოხვდდება აუცილებლად იმ ანგარიშებში, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ამზადებენ პერიოდულად და არა მარტო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, გამოძიებას რა ინტერესიც არ უნდა ჰქონდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შემთხვევა და სხვა მსგავსი ტიპის შემთხვევები, რომლებიც ზოგადად ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას შეიძლება შეიცავდეს, ვინმეს ინტერესს მიღმა დარჩება”.

შეგახსენებთ, ბოლო ათ დღეში პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ ორი საპროტესტო აქცია გაიმართა - 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს. აქციის მონაწილეები პანკისის რადიოს დარბევით, მის დამფუძნებელს კი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ. მომხდარს გამოეხმაურნენ საერთაშორისო და ადგილობირივ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამართალდამცავ უწყებებს დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.
პანკისის რადიოს წინააღმდეგ გამართულ აქციებს დღეს, 8 სექტემბერს, გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მუქარის შემცველი და ძალადობის მოწოდებისკენ მიმართული განცხადებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება. გაქციებზე გაკეთებული განცხადებები კი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლის ნიშნებს შეიცავს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს “მედიაჩეკერს” განუცხადეს, რომ პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის მისამართით საჯაროდ გაჟღერებულ მუქარის შემცველ განცხადებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარის შესწავლა დაიწყო.
პანკისის სათემო რადიო WAY ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 2016 წლის იანვარში დააფუძნა. რადიოს ინფორმაციით, WAY ინგლისურად გზას ნიშნავს, ჩეჩნურად – ჩვენი. პანკისის სათემო რადიოსთვის ამ სახელის დარქმევა ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივა იყო.
დღეს პანკისის უხუცესთა კავშირმა ვრცელი განცხადება გაავრცელა და პანკისის სათემო რადიოსა და გელა მთივლიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"მოვლენები ისე ვითარდება ქისტური თემის ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილში, რომ საკუთარი თავის განადგურებისაკენ მივდივართ. ჩვენ, უხუცესებს ბევრი გვინახავს, ბევრი გაგვიგონია და ვიცით, როგორ მთავრდება ასეთი რადიკალური, ანტიეროვნული მოვლენები. და ის ვინც თავზე იღებს ასეთი ძალის მართვას, უფსკრულისაკენ მიემართება", - ვკითხულობთ განცხადებაში.