10.09.2020
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „მთავარი არხის“, „ტელეკომპანია აჭარის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტელეკომპანია პირველის“ გარშემო განვითარებული მოვლენები, მედიაპლურალიზმისა და პრესის თავისუფლების კუთხით სიტუციის პოტენციური გაუარესების თვალსაზრისით ადგილობრივი არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციების განგაშის საფუძველი გახდა.
Freedom House-ი გასული წლის აპრილში აჭარის მაუწყებლის დირექტორის ნათის კაპანაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ კაპანაძის დირექტორობის პერიოდში მაუწყებლის საქმიანობა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ დადებითად იყო შეფასებული. ანგრიშში ასევე ნათქვამია, რომ კაპანაძის გათავისუფლება ადგილობრივმა არასამთავრობო ორანიზაციებმა გააკრიტიკეს და განმარტეს, რომ ქვეყანაში განგრძობადი ნეგატიური ტენდენციაა, რომელიც მედიაგარემოს გაუარესებისკენ არის მიმართული და პროცესში პოლიტიკური ჩარევების შესახებ ეჭვებს აძლიერებს.
Freedom House-ი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში” მფლობელების შეცვლის, ტელევიზიიდან ჟურნალისტების დიდი ნაწილის წამოსვლისა და ქვეყანაში ახალი ტელევიზიის ჩამოყალიბებაზეც საუბრობს.
„საბოლოო ჯამში, ტელეკომპანიის „წაღება“, ისე, როგორც ეს განხორციელდა, საქართველოში უფრო ფართო ტენდენციაზე მიუთითებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხმების ჩახშობა იყო“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოში ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, იქვე ნათქვამია, რომ გასული წლის 20 ივნისის აქციაზე ბევრი ჟურნალისტი დაშავდა. Freedom House-ი Amnesty International-ის მონაცემებს იშველიებს, რომლის თანახმადაც, 20 ივნისის აქციის დაშლისას 31 ჟურნალისტი დაშავდა, მათგან უმეტესობა პოლიციელების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმე გასული წლის დასასრულისთვის კვლავ სათანადოდ არ იყო გამოძიებული. ამავე ანაგრიშის თანახმად, მუხთარლი მის გატაცებაში სწორედ საქართველოს კრიმინალურ პოლიციას ადანაშაულებს.
Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიში - „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები“ - ქვეყნებს ეროვნული მმართველობის, საარჩევნო პროცესის, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელ მედიის, ადგილობრივ მმართველობის, ასევე სასამართლო სისტემისა და კორუფციის კრიტერიუმებით აფასებს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიულობის საერთო ქულა 7-დან 3.25-ია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0.04 პუნქტით ნაკლებია. მედიის თავისუფლების ნაწილში კი - საქართველო 7-დან 3.75 ქულით არის შეფასებული.
წყარო: freedomhouse.org