TV პირველში Covid-19-ზე შემოწმებული 217 თანამშრომლიდან ვირუსი არცერთს დაუდასტურდა
10.09.2020
ტელეკომპანია "პირველის" დირექტორის ვატო წერეთლის ინფორმაციით, მაუწყებლის 217 თანამშრომლიდან კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ტესტირება ტელევიზიის თანამშრომლებს მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც Covid-19-ით "TV პირველის" ერთ-ერთ თანამშრომელი ჟურნალისტი ვიკა ბუკია დაინფიცირდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს პარლამენტის წევრს ლევან გოგიჩაიშვილსა და მის ცოლს, ვიკა ბუკიას, რომელიც "TV პირველის" თანამშრომელია. თავად ვიკა ბუკიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა, ტესტი კი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც ვირუსი მის ქმარს დაუდასტურდა.

"ჩემი ისტორია ასეთია: ლევანთან მქონდა კომუნიკაცია. ლევანის ისტორია კი ასეთია: სიცხემ როგორც კი მისცა (სამსახურში ვიყავი და დამირეკა), ტესტი ეგრევე გაიკეთა და ჩაჯდა იზოლაციაში, პასუხის მოლოდინში. კიდევ კარგი. იმ დღეს მეც ბოლოჯერ ვიყავი სამსახურში და მეორე დღეს უკვე ტესტი მეც დამიდასტურდა. პასუხი იყო: “სუსტად დადებითი”, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ახალდაწყებულო იყო. საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. არც სიცხე. არც ხველა. თავის წამოტკიებაც კი არა. ამიტომაა ეს ვირუსი ასეთი მზაკვარი", - დაწერა ვიკა ბუკიამ.

დღეს "TV პირველმა" გაავრცელა ანონსი, რომლის თანახმად, ვიკა ბუკია გიორგი ნიორაძესთან ერთად არხზე ახალ გადაცემას იწყებს, სახელწოდებით "პირველი ხაზი".

alt

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ