მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის თაობაზე მომზადებული სარეკლამო კლიპის 4 ტელევიზიის ეთერში განთავსებისთვის თბილისის მერიის “საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ” 132,438 ლარი გადაიხადა მიმდინარე წლის დასაწყისში. ამ თანხის 60%-მდე (79,424 ლარი) ტელეკომპანია “იმედს” ერგო, 31%-მდე (40,532 ლარი) - “რუსთავი 2”-ს , 8% (10,674 ლარი) - TV პირველს და 1%-ზე ოდნავ მეტი (1,806 ლარი) - “მაესტროს”.
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის თაობაზე მომზადებული სარეკლამო კლიპი კი სააგენტომ 5 ტელევიზიაში განათავსა გასულ წელს, რაშიც 110,874 ლარი გადაიხადა ბიუჯეტიდან. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი წილი - 58,714 ლარი ტელეიმედს ხვდა წილად, 38,667 ლარი - რუსთავი 2-ს, 6,878 ლარი - TV პირველს, 5,093 ლარი - საზოგადოებრივ მაუწყებელს და 1,522 ლარი - მაესტროს.
ინფოგრაფიკაზე მოცემულია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეორე და მესამე ეტაპის თაობაზე განთავსებული კლიპების ჯამური ღირებულება. ამასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე განთავსდა მხოლოდ მეორე ეტაპის შესახებ მომზადებული ვიდეო.
“საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო” თბილისის მერიაში 2018 წელს
შეიქმნა. მას შემდეგ სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი დედაქალაქის
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის წარმართვაზე.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით,
2018 წელს სააგენტომ 2.3 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც სარეკლამო
რგოლების მხოლოდ სატელევიზიო ეთერში განთავსებისათვის 519 ათასი ლარი
გადაიხადა. ამ თანხის 69.5% (361,117 ლარი) “იმედმა” აითვისა, 17.3% -
რუსთავი 2-მა, 5.9% - TV პირველმა, 3.6% - საზოგადოებრივმა
მაუწყებელმა და 2.5% - “იბერიამ”.
“მედიაჩეკერმა” შეისწავლა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულებები, რომლებიც “საზოგადოებასთან
კომუნიკაციის სააგენტომ” 2019 წელს გააფორმა ტელევიზიებთან.
როგორც ირკვევა, გასულ წელს 805,077 ლარი გადაუხადა სააგენტომ
ტელევიზიებს საეთერო დროის შესყიდვისთვის. ამ თანხის ნახევარზე მეტი,
52% - “იმედის ჰოლდინგმა” აითვისა, საიდანაც 388,210 ლარის ხარჯი
ტელეიმედზე მოდის, 23,385 ლარი - GDS TV-ზე და 9,189 ლარი -
მაესტროზე; საერთო თანხის 37%-ზე მეტი (299,677 ლარი) - რუსთავი 2-ის
საეთერო დროის შესყიდვისთვის დაიხარჯა; 5%-ზე მეტი (43,247 ლარი) - TV
პირველზე; 3.3% (26,815 ლარი) - საზოგადოებრივ მაუწყებელზე; ხოლო
დარჩენილი თანხა აითვისეს “კავკასიამ” (8,706 ლარი) და პალიტრა TV-მ
(5,848 ლარი).
რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულებების მიხედვით, ამ დროისთვის
“საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს” ტელევიზიებთან უკვე
გაფორმებული აქვს 629,080 ლარის ღირებულების კონტრაქტები. აქედან
თანხის 60%-ზე მეტი (379,573 ლარი) “იმედზე” მოდის, დაახლოებით 32%
(199,930 ლარი) - რუსთავი 2-ზე, 7%-მდე (43,404 ლარი) - TV პირველზე
და 1%-მდე (6,172) - მაესტროზე.
ამას გარდა, თბილისის მერიის შესახებ ფეისბუკზე განთავსებული
ინფორმაციისა და აქტივობების რეკლამირებისთვის (დასპონსორებისთვის)
„საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ მიმდინარე წელს 170,000 ლარს
ხარჯავს.
სააგენტოს ასევე მიმდინარე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული “ბრავო
რექორდსთან”, რომელიც ითვალისწინებს კინოთეატრებში თბილისის მერიის
საქმიანობაზე მომზადებული სარეკლამო კლიპების განთავსებას. ამისთვის
სააგენტომ 2019 წლის აპრილში 134,685 ლარის ღირებულების კონტრაქტი
გაუფორმა “ბრავო რექორდს”, ხოლო 2019 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული
კონტრაქტის ღირებულებაა 140,000 ლარი. თანხა სააგენტოს გადახდილი
აქვს, თუმცა “ბრავო რექორდს” მხოლოდ 2 მიღება-ჩაბარების აქტი აქვს
წარმოდგენილი, რომელთა ღირებულება 31,087 ლარია. აღსანიშნავია, რომ
პანდემიის გამო მიმდინარე წლის მარტიდან კინოთეატრები საქართველოში
დაკეტილია.