ტელეკომპანია “მთავარი არხის”ინფორმაციით, ბოლნისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა,
ვუგარ ისაევმა, მათ ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის, სამუშაო პროცესში
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაჭრით დაემუქრა. მედიის საკითხებზე
მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები ახალისებს
ძალადობას და შსს-ს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ მოახდინოს მომხდარზე
რეაგირება.
შემთხვევა 16 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში მოხდა, სადაც ოპოზიციური
გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
კახა ოქრიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრას
მართავდა.
ვიდეომასალაში, რომელიც “მთავარმა არხმა”
გაავრცელა ქართულენოვანი თარგმანით, ისმის, რომ დეპუტატი ჟურნალისტს
გადაღებას უკრძალავს, რადგან “მას ასე უნდა” და ეუბნება, რომ
“არჩევნების შემდეგ მასაც და სხვებსაც შეხვდება”. გარდა ამისა,
ვიდეოში “ქართული ოცნების” დეპუტატი “მთავარი არხის” ჟურნალისტს
სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება: “არჩევნები დამთავრდეს და
მე შენ აქ დაგიძახებ, სულ სხვანაირად დაგელაპარაკები. მიდი აბა,
იმუშავე „ნაციონალებზე“.
ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ამბობს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატი
დანით დაჭრით მას შემდეგ დაემუქრა, რაც იგი დაინტერესდა, რატომ იყვნენ
მობილიზებული იმ ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციის საარჩევნო კანდიდატი
ხალხს ხვდებოდა:
“მე მივედი მასთან კითხვით, თუ რატომ იყვნენ ოპოზიციის და
ადგილობრივების სიახლოვეს მობილიზებულნი, რაზეც მან მიპასუხა, რომ
მისთვის არ უნდა გადაგვეღო რადგან ამის უფლება არ გვქონდა, წინააღმდეგ
შემთხვევაში, იგი მე დანით დამჭრიდა და ფიზიკურად გამისწორდებოდა. მან
ასევე მკაფიოდ აღნიშნა, ისიც რომ არჩევნების დასრულების შემდეგ
‘’მომხედავდა/მომივლიდა’’ ქუჩურ და კაცურ ამბავში”-, წერს ჟურნალისტი ფეისბუკის პირად
გვერდზე.
დღეს, 17 სექტემბერს ჟურნალისტის წინააღმდეგ მუქარის და პროფესიულ
საქმიანობაში შესაძლო უკანონო ჩარევის ფაქტს „საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველო” გამოეხმაურა. ორგანიზაცია შინაგან
საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ დროულად მოახდინოს კანონის
შესაბამისი რეაგირება „მთავარი არხის” ჟურნალისტის წინააღმდეგ
მუქარისა და მედიის საქმიანობაში შესაძლო უკანონო ჩარევასთან
დაკავშირებით და უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის პროფესიული
საქმიანობის განხორციელებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
“მედიის და ჟურნალისტის უფლებები, მათ შორის, მათი საქმიანობისათვის
უსაფრთხო გარემოს შექმნა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით
და შესაბამისი საერთაშორისო სამართლის ნორმებით. მნიშვნელოვანია, რომ
ჟურნალისტების მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას პრაქტიკაში
საფრთხე არ შეექმნას, რისი უზრუნველყოფის ვალდებულებაც სახელმწიფოს
აკისრია”, - აცხადებენ ორგანიზაციაში და ხაზს უსვამენ, რომ მედიის
დამოუკიდებელი საქმიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას წინასაარჩევნო
პერიოდში იძენს, - “სწორედ მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე ეძლევა ამომრჩეველს შესაძლებლობა, ინფორმირებული არჩევანი
გააკეთოს. შესაბამისად, ჟურნალისტისათვის ხელის შეშლა და მუქარა, ერთი
მხრივ, არღვევს უშუალოდ მედიის წარმომადგენლის უფლებას, მეორე მხრივ
კი, ახალისებს ძალადობას და ქმნის ქვეყანაში თვითცენზურის გარემოს,
რაც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ნეგატიურ სახეს აძლევს”, -
ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიების დაწყება სპეციალური ბრიფინგით მოითხოვა
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა.
„მედიას გადამწყვეტი როლი ეკისრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების
ღიად და სამართლიანად ჩატარებაში. აღნიშნული ფაქტი ხელს უწყობს
პოლიტიკურ ძალებს შორის პოლარიზების გაზრდას და ახდენს ძალადობის
წახალისებას, რაც აზიანებს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო
გარემოს. აუცილებელია ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოხდეს
სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის
მხრიდან“, - აცხადებს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წევრი ალიკა
კუპრავა.
არხის ხელმძღვანელობას გამოძიების დაწყების მოთხოვნით უწყებისთვის ჯერ
ოფიცილურად არ მიუმართავს. "მთავარი არხის" იურისტის, თამთა
მურადაშვილის განმარტებით, ამ საკითხზე მსჯელობდნენ, თუმცა, ვინაიდან
უკვე გავრცელდა ორგანიზაციების გამოხმაურებები და მიმართვები
უწყებისადმი, თავად ჯერ განცხადება არ შეუტანიათ და უწყების
რეაგირებას ელოდებიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “მედიაჩეკერს” განუცხადეს,
რომ მომხადრზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის
151-ე, სიცოცხლის მოსპობის ან
ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის მუხლით
დაიწყო.