საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4-დან 10 ათას ლარამდე გაიზარდა
22.09.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხელფასი 10 000 ლარი გახდა (საუბარია ხელზე ასაღებ თანხაზე). აქამდე ანაზღაურება 4 000 ლარი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს მიიღო.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხანია მსჯელობენ.

"
კონკურსის გამოცხადებამდე ჩვენ ჩამოყალიბებული ვიყავით, თუმცა, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ ხელფასი ერთგვარი მოტივატორი არ გამხდარიყო. ვიმსჯელეთ საბჭოში და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ სხდომაზე გაგვეტანა ეს საკითხი. რაც შეეხება ოდენობას, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან გონივრული თანხა. ჩვენ, უბრალოდ, თავს უფლებას ვერ მივცემდით, რომ უფრო მეტით გაგვეზარდა,   არ ვართ კერძო ტელევიზია და ამიტომ გარკვეულ ჩარჩოებში ვზივართ ხელფასებთან დაკავშირებით", - განუცხადა "მედიაჩეკერს" ირინა ფუტკარაძემ კითხვაზე, ახლა, ახალი დირექტორის არჩევის წინ რატომ გაიზარდა დირექტორის ხელფასი.

ჩვენს კითხვაზე, მის უფლებამოსილებებში რაიმე ხომ არ იცვლება ან ემატება, რაც წინა დირექტორს არ ჰქონდა, ფუტკარაძემ გვიპასუხა:  “რჩება იგივე უფლებამოსილება, რაც განსაზღვრული აქვს კანონით, ბუნებრივია.  მაგრამ, მე პირადად, ვთვლიდი, რომ საკმაოდ არაადეკვატური (ანაზღაურება) ჰქონდა წინა დირექტორს და შესაბამისად, იმიტომ გაიზარდა, რომ ვინც იქნება ახალი დირექტორი, მას უკვე ჰქონდეს ღირსეული და ადეკვატური ანაზღაურება".

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი უნდა აირჩიოს. კონკურსში სულ 8 განმცხადებელი მონაწილეობდა, თუმცა, დირექტორობისთვის ბრძოლას I ტურის შემდეგ 4 კანდიდატი აგრძელებს. 

ამ თემაზე იხილეთ: 

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ