22.09.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე 8 განმცხადებლიდან მეორე ტურში 4 კანდიდატი გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, ირმა სოხაძე და ალექსანდრე ვახტანგოვი.
⇒ თინათინ ბერძენიშვილი
კანდიდატებიდან ყველაზე მეტი - 9 ხმა თინათინ ბერძენიშვილმა მიიღო. ბერძენიშვილი 2018 წლიდან გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და 18 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა, მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ასრულებს.
თინათინ ბერძენიშვილი 2011 წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებლში მუშაობს. თავდაპირველად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად დაინიშნა. 2012-13 წლებში წამყვანი იყო. 2014-15 წლებში მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი გახდა, 2015 წლიდან - მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი. 2018 წლიდან კი ერთდროულად ორ პოზიციას - მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორისა და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოსტს ითავსებდა.
თინათინ ბერძენიშვილი მედიის და მარკეტინგული კომუნიკაციის სფეროში 20 წელზე მეტია მუშაობს. მისი CV-ის მიხედვით, იგი არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მედიაკომიტეტის წევრი და ცენტრალური ევროპის ქვეყნების კომიტეტის წევრი.
⇒ ირმა სოხაძე
მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში 7 ხმით გადავიდა მომღერალი და პოლიტოლოგი ირმა სოხაძე. იგი 2008 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე იყო. როგორც მის CV-ში ვკითხულობთ, პოლიტიკური სიტუაციის გამო, მან საბჭო ერთ წელიწადში დატოვა.
ირმა სოხაძე ტელეკომპანია “იმედში” 2007 წელს მუსიკალური გადაცემის რედაქტორად, 2010-2011 წლებში კი “იმედის დილის” მთავარ პროდიუსერად მუშაობდა. სოხაძე 2016-2017 წლებში სდასუს ჟურნალისტიკის სკოლის დეკანი იყო. უფრო ადრე, 1980-2004 წლებში მაშინდელ საქართველოს ტელევიზიაში - პირველ არხში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს.
⇒ ხათუნა ლაგაზიძე
ირმა სოხაძის მსგავსად, ბორდის 7 ხმა მიიღო პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ.
ლაგაზიძე 2018-2019 წლებში რადიო „პალიტრაში” გადაცემა „რეზიუმეს“ წამყვანად მუშაობდა. 2013-2014 წლებში გაზეთ „კვირის პალიტრაში“ პოლიტიკური ანალიტიკოსი იყო. უფრო ადრე, 2001-2007 წლებში კი პოლიტიკურ მიმომხილველად და ანალიტიკოსად მუშაობდა გაზეთ „ჯორჯიან თაიმსში“.
ხათუნა ლაგაზიძეს აქვს ლექტორად მუშაობის გამოცდილება და არის ავტორი სამეცნიერო ნაშრომის - “მსოფლიოს პირველი ინფოდემია: კორონავირუსი და მისი შედეგები – პანდემიიდან ინფოდემიამდე”.
⇒ ალექსანდრე ვახტანგოვი
მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს შორის ყველაზე ნაკლები - 5 ხმა მიიღო ალექსანდრე ვახტანგოვმა. იგი 2014-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
ალექსანდრე ვახტანგოვი 1985 წლიდან სატელევიზი ფილმების და პროგრამების რეჟისორია. მისი სამუშაო გამოცდილება დიდწილად კინოს უკავშირდება. ვახტანგოვის CV-დან ვიგებთ, რომ იგი 2001 წლიდან დღემდე დამოუკიდებელი სატელივიზიო კონსულტანტია. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდში იყო საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალების ორგანიზატორი და ჟიურის წევრი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება 24 სექტემბერს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. სავარაუდოდ, 25 სექტემბერს კი ბორდი ახალ დირექტორს შეარჩევს.
პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 18 აგვისტოს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.