საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
ერთ-ერთმა კანდიდატმა ალექსანდრე ვახტანგოვმა, კონკურსიდან საკუთარი
კანდიდატურა მოხსნა.
"მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. თიკოს გადაეცით, ძალიან კარგი გოგოა,
ალბათ იმას აირჩევთ, ჩემთან არის ნამუშევარი და ნამდვილად ჭკვიანი და
კარგი გოგოა. ამით დაგემშვიდობებით", - განაცხადა ალექსანდრე
ვახტანგოვმა გასაუბრების დასრულებისას.
იქამდე, გასაუბრებაზე, ვახტანგოვი საუბრობდა იმის შესახებ, როგორი
უნდა იყოს კარგი საზოგადოებრივი მაუწყებელი. მან განსაკუთრებული
აქცენტი საგანმანათლებლო გადაცემებზე გააკეთა,
შეგახსენებთ, დღეს, 24 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის
დირექტორობის მსურველებთან გასაუბრებები დაიწყო.
კონკურსში 4 კანდიდატი მონაწილეობს:
- თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. ამჟამად ასრულებს მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას;
- ირმა სოხაძე - მომღერალი, პოლიტოლოგი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო 2008-2009 წლებში;
- ხათუნა ლაგაზიძე - პოლიტოლოგი;
- ალექსანდრე
ვახტანგოვი -
იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი 2014-2016
წლებში;
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორს სავარაუდოდ პარასკევს, 25 სექტემბერს აირჩევენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 18 აგვისტოს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.