‘ავტორიტეტები სჭირდება არხს, ფეისები’ - საზმაუს დირექტორობის მსურველი ირმა სოხაძე
24.09.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირმა სოხაძემ გასაუბრებისას თქვა, რომ არხზე კადრების პრობლემებია, რაც იმაში გამოიხატება, რომ გადაცემის წამყვანებისა და ავტორების უმეტესობა ახალგაზრდები არიან.

გასაუბრებაზე სოხაძემ აღნიშნა, რომ ტელევიზია მოსწონს და “არავითარი რევოლუცია და არავითარი ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება ამ არხს, მაგრამ რაღაცები არის გასასწორებელი და გამოსასწორებელი”.

მაგალითად, ირმა სოხაძეს მიაჩნია, რომ პირველ არხს ძირითადად, უფროსი თაობა უყურებს და, შესაბამისად, უფროსი თაობა უნდა მუშაობდეს, რადგან არ ჰგონია, რომ ახალგაზრდები იმას აკეთებენ და ლაპარაკობენ, რაც მისთვის საინტერესო და მისაღებია:

“40 წელს ზემოთ არ ზის არც წამყვანი, არც გადაცემის ავტორი… არ შეიძლება, იცით რატომ? იმას რომ თავი დავანებოთ, სხვა ტელევიზიებს, ჩვენი მაყურებელი, ძირითადი, მაინც უფრო არის უფროსი თაობა. მე არ მგონია, რომ თინეიჯერები გვიყურებენ, იმიტომ, რომ ისინი სხვა რაღაცებით არიან დაკავებული, ძირითადად. ამიტომ, ამაზეც უნდა ვიფიქროთ… ჩემიანს რომ ვხედავ, მე უფრო მჯერა, ვიდრე პირტიტველა, ლამაზ, საყვარელ, მაგრამ ბავშვს, რომლისაც, რატომღაც არ მჯერა. არამგონია, რომ ის იმას აკეთებს და ლაპარაკობს, რაც ჩემთვის საინტერესო და მისაღებია”.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ავტორიტეტები და ენთუზიასტი პროფესიონალები სჭირდება, რომლებიც, შესაძლოა სხვა ტელევიზიებიდან გადმოიყვანონ:

“ერთი სიტყვით, ავტორიტეტები სჭირდება არხს, “ფეისები”, როგორც ზაზა ამბობდა, შენგელია. აი, ფეისები, იცით, მე რატომ მგონია რომ მნიშვნელოვანია? იმიტომ, სწორედ, რომ ყურადღება მოიზიდოს მაყურებლის. რაღაცა ისეთი გვჭირდება, რითიც ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მაყურებელი. რაღაცა ნაცრისფერი, ცოტა უსულო. სული თუ არ შთაებერა ამ ყველაფერს, ჩვენ ხომ საწარმო არ ვართ. კი, პროდუქტს ვაკეთებთ აუცილებლად გარკვეული დროისთვის, მაგრამ ეს ხომ არ არის აგური, ეს არის შემოქმედებითი რაღაცა პროდუქტი, რომელსაც სჭირდება სული, ენთუზიაზმი… დიახ, აი, ენთუზიასტი პროფესიონალები ჩვენ ბევრი უნდა მოვიზიდოთ, სხვა ტელევიზიებიდან გადმოვიყვანოთ. მე თვითონ ვარ ასეთი…”

გასაუბრებაზე სოხაძე საუბრობდა იმის შესახებაც, რომ მისი აზრით არხი გარკვეული ტიპის ადამიანებს ბლოკავს, შავ სიებში ჰყავს. ამ სიაში იგი საკუთარ თავსაც მოიაზრებდა, იმ არგუმენტით, რომ არასოდეს არცერთ გადაცემაში არ მიიწვიეს, მაგალითად, თუნდაც, მუსიკალურ გადაცემებში, ჟიურის წევრად.

“მე მინდა, რომ ოქროს ხანა დადგეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე” - თქვა გასაუბრების დასასრულს და აღნიშნა, რომ ბორდი ალბათ მის კონკურენტს (გულისხმობს თინათინ ბერძენიშვილს) დაუჭერს მხარს, მაგრამ თუ მაუწყებლის გაცოცხლება და “აყვავება” სურთ, ის აქ არის და მზად არის ძირეული ცვილებებისთვის.

შეგახსენებთ, დღეს, 24 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრებები დაიწყო.

კონკურსის ამ ეტაპზე 4 კანდიდატი გადავიდა, თუმცა, მათგან ერთმა, ალექსანდრე ვახტანგოვმა, დღეს, გასაუბრებაზე თქვა, რომ კანდიდატურას ხსნის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორს სავარაუდოდ პარასკევს, 25 სექტემბერს აირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 18 აგვისტოს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ