წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად,
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკა
ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ეს
დამოკიდებულება განსაკუთრებით იგრძნობა მაუწყებლის ფეისბუქის გვერდზე
გაზიარებულ მასალებში. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის შედეგების
მიხედვით, პირველი არხის საეთერო მაუწყებლობა მისი სოციალური ქსელის
მეშვეობთ გავრცელებული მასალებისგან მკვეთრად განსხვავდება - სოციალურ
ქსელში გავრცელებულ მასალებში მთავრობის დადებითი ტონში გაშუქების
“უკიდურესად მაღალი მაჩვენებლებია”.
მედიამონიტორინგის ფარგლებში, ახალი ამბების მონიტორები აკვირდებოდნენ
მთავარ საინფორმაციო გამოშვებას - “მოამბე” 21 საათზე და გადაცემას -
“ახალი კვირა”, სოციალური მედიის მონიტორები კი - პირველი არხის
ფეისბუკის გვერდს.
ახალი ამბების ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 15 ივნისიდან
31 აგვისტომდე პერიოდში “მოამბეში” ყველაზე მეტი დრო “ქართულ ოცნებას”
დაეთმო. ყველაზე დადებითად, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია
გაშუქდა; მისთვის დათმობილი დროის 12% პოზიტიური იყო. ყველაზე
უარყოფითად კი მიხეილ სააკაშვილი, რომლისთვისაც დათმობილი დროის 47%
ნეგატიური იყო.
სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, რომელიც
ახალი ამბების მონიტორინგის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, 15
ივლისიდან დაიწყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის Facebook
გვერდზე ცალსახად შეინიშნებოდა, ერთი მხრივ, მმართველი გუნდის მხოლოდ
დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა
უარყოფითად წარმოჩენის მცდელობა: “ ამ გარემოებას ადასტურებს დადებითი
ტონის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლები პრემიერ-მინისტრის (88%),
ადგილობრივი თვითმმართველობების (80%), მთავრობის (70%), პრეზიდენტისა
(63%) და „ქართული ოცნების“ (53%) გაშუქებისას”.
ამ მაჩვენებლებით მკვეთრი განსხვავებაა ტელევიზიის საეთერო
მაუწყებლობასა და მის სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული
ინფორმაციას შორის.
მაგალითად, თუ პირველი არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში
მთავრობა 6%-ით დადებითად გაშუქდა, სოციალურ ქსელში მთავრობის
პოზიტიურად გაშუქების მაჩვენებელი 70%-ია. მკვეთრად განსხვავდება
პრემიერ-მინისტრის გაშუქების მაჩვენებელიც. გიორგი გახარია ეთერში
6%-ით დადებითად გაშუქდა, სოციალურ ქსელში კი - 88%-ით. სხვაობაა
“ქართული ოცნების” გუნდის გაშუქების თვალსაზრისითაც, თუ სახელისუფლებო
გუნდი ეთერში 4%-ით დადებითად გაშუქდა, სოციალურ ქსელში ეს
მაჩვენებელი 53%-ია.
“სატელევიზიო არხების Facebook გვერდებზე დაკვირვების უმთავრესი
მიზანი იმის დადგენა იყო, თუ რამდენად განსხვავდება ტელევიზიების
საეთერო მაუწყებლობა მათ მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით
გავრცელებული ინფორმაციისგან და როგორ იყენებენ ტელევიზიები მათ
Facebook გვერდებს ინფორმაციის გასავრცელებლად საარჩევნო პერიოდში”, -
ვკითხულობთ სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშში.
რაც შეეხება შუალედური ანგარიშების სხვა მიგნებებს, ახალი ამბების
მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, პირველი არხის საინფორმაციო
გამოშვებაში, მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქების
დროს, მეტწილად დაცული იყო ეთიკური სტანდარტები. კერძოდ, საარჩევნო
სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა, ძირითადად, შუქდებოდა
ნეიტრალურად.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მონიტორინგის პერიოდში,
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკა
ხელისუფლებისადმი ლოიალური იყო: “გარკვეულ შემთხვევებში, ბალანსი
ფორმალურად იყო დაცული. მონიტორინგის პერიოდში იყო ფაქტები, როდესაც
,,მოამბე“ ავლენდა ,,ქართული ოცნებისადმი“ მიკერძოებას და არღვევდა
ეთიკურ პრინციპებს”. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, არხზე კვლავ
მთავარ პრობლემად რჩება სიუჟეტების ზედაპირულობა, სიღრმისეული
რეპორტაჟების ნაკლებობა. ,,პირველ არხს“, სამონიტორინგო პერიოდში,
თითქმის არ ჰქონია მწვავე ექსკლუზიური მასალა.
*****
მონიტორინგის შესახებ:
საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების
კვლევის შუალედური შედეგები დღეს 24 სექემბერს გამოქვეყნდა. სოციალური
მედიის მონიტორინგი მიმდინარეობდა 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით
პერიოდში. სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგი კი მოიცავს 15
ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას „საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის
„საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების
კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება.