ალისტრახოობის ხიბლი
29.09.2020

ტელეკომპანია “იმედმა” ახალ სატელევიზიო სეზონზე ახალი გმირი წარუდგინა მაყურებელს - კონკურენტი არხის დამფუძნებლის კარიკატურული პროტოტიპი.

“ახალ სეზონზე უამრავ სიახლეს გპირდებით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ პირველი სიურპრიზი, რაც ჩვენ მოვამზადეთ, მთლად სასიამოვნო არ იქნება თქვენთვის, რადგან ჩემთან გადაცემაში მუშაობა დაიწყო ნიკა გურამიამ”, - ასე წარადგინა “იმედის” გადაცემა “ღამის შოუს” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ახალი პერსონაჟი, რომელიც “მთავარი არხის” დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აშარჟებს.

იმავდროულად “იმედმა” მაყურებელს ახალი პრომო ვიდეო წარუდგინა, რომელიც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შექმნილი სარეკლამო ვიდეოს ანალოგია: ტრამპს მაღალტექნოლოგიური ჩქაროსნული მატარებელი განასახიერებს, მისი კონკურენტი ჯო ბაიდენი კი დრეზინას მიაჩიქჩიქებს ლიანდაგზე.

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შექმნილი სარეკლამო ვიდეო 


"იმედის” პრომოს შემთხვევაში, არხის მთავარი სახეები, ტრამპის მსგავსად, ჩქაროსნულ მატარებელში სხედან; ამორტიზებული დრეზინის მართვას კი ნიკა გვარამიას როლის შემსრულებელი ცდილობს.

ტელეკომპანია "იმედის" პრომო ვიდეო


“ღამის შოუ” ახალი პერსონაჟის, ნიკა გურამიას მონაწილეობით, ყოველკვირეულად სთავაზობს მაყურებელს ეპიზოდებს, რომლებიც ნიკა გვარამიას წარმოაჩენს ფაქტებისა და მოვლენების განზრახ გამყალბებელ პერსონად, რომელიც ეძებს და ავრცელებს მხოლოდ ნეგატივს და რომელსაც   სხვადასხვა ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის ქუჩებში.

“ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად” რამდენიმე წლის წინ POSTV-ზე შეიქმნა, რომელიც ჯერ “მაესტროს” ეთერში გადიოდა და შემდეგ “იმედზე” გადაინაცვლა. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ “ღამის შოუს” ეპიზოდებს აქტიურად აზიარებს და არეკლამებს POSTV-ის გართობის გვერდი ფეისბუკში.

POSTV-ის ყოფილი თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ნაცვლიშვილი ამჟამად მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მრჩეველია საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. POSTV-ის ერთ-ერთი მფლობელი და მთავარი სახე შალვა რამიშვილი კი მმართველი პარტიის ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის სიმპატიით დიდი ხანია სარგებლობს: ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2011 წელს, ოპოზიციის ლიდერის რანგში გამოქვეყნებულ მის ერთერთ პირველ წერილში მიმართა რამიშვილს საჯაროდ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ სატირულ-იუმორისტულ პროექტს დაუფინანსებდა: “სახალხოდ გაძლევ სიტყვას, შენ დაიწყე ახალი "დარდუბალას” გადაღება და მე დავაფინანსებ!”

POSTV 2017 წელს დაფუძნდა და იგი დაფუძნების დღიდან ღიად მუშაობდა ყოფილი ხელისუფლების, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მის ანტიპიარზე. ბოლო პერიოდში კი მისი აქტიური სამიზნეა ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებები: კერძოდ, POSTV-ის გუნდი აქტიურად აკრიტიკებს იმ ტელევიზიებს (ადრე, სამიზნე იყო “რუსთავი 2”, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ამ ტელევიზიაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ძირითადი სამიზნეა მთავარი არხი, ფორმულა და ტვ პირველი), რომლებიც აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”. ეს ივანიშვილმაც დაადასტურა თავის ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გასულ წელს, როცა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტებს საპასუხო სიუჟეტებს უძღვნიდა შალვა რამიშვილი და პოსტვ: “ამ ბოლოს რა მოსდის რუსთავი 2-ს, ფაქტების ძიებაში აღარ არიან. დილით დგებიან, ჩემი გადმოსახედიდან, სცენარებს წერენ და წადი და იმართლე თავი, როგორც გინდა. მათ ჰყავთ თავისი მრევლი, გინებაც მოსწონს ხალხს. მერე გამოდის პატარა შალვა რამიშვილი ან ვიღაც Postv-ში, ამას გასცემს პასუხს, იქ მაყურებლების რაოდენობა გაცილებით ცოტაა და შედეგს იღებენ”, - განაცხადა ივანიშვილმა.

“მთავარი არხის”, მანამდე კი “რუსთავი 2”-ის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიუჟეტების განხილვასა და კრიტიკას ეთმობოდა ბოლო წლებში ტელეკომპანია “იმედის” არაერთი სიუჟეტი თუ გადაცემა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ არხის პრომო ვიდეოშიც კი “მთავარ არხზე” “გადასწრება-გადავლა” არის “იმედის” მთავარ ამოცანად წარმოჩენილი მაშინ, როცა მედია საზოგადოების პრობლემების იდენტიფიკაციაზე და ამ პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლზე უნდა იყოს ორიენტირებული.

და ბოლოს იმაზე, თუ რატომ გამახსენა ამ ამბებმა ე.წ. მედია ჯგუფი და მათი კრებითი სახელი “ალისტრახო”. ალბათ, ეს მოვლენა კიდევ დიდხანს შეგვახსენებს თავს, რადგან არც 9 წლის წინ, როცა ეს ამბები ხდებოდა და არც მას შემდეგ, პროფესიულ მედია წრეებში სათანადოდ არ შეფასდა ის, თუ რას ნიშნავს ალისტრახოობა, რატომ არის ის ცუდი და სამარცხვინო საქციელი, რომელიც საბოლოო ჯამში, აზარალებს მთელ საზოგადოებას.

2012 წელს, როდესაც ოპოზიციის მაშინდელმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ინფო 9 და ტელეკომპანია “მეცხრე არხი” აამოქმედა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ე.წ. მედია ჯგუფი (რომელიც მოგვიანებით გაერთიანდა ამ ჯგუფის ერთერთი ლიდერის ალისტრახო როხვაძის სახელის ქვეშ) ჩამოაყალიბა, რომლის მთავარი დანიშნულება იყო ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაცინვა, საჯარო განკითხვა, დევნა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის, ივანიშვილის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებების ჟურნალისტები ცდილობდნენ კრიტიკული შეკითხვები დაესვათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, “ალისტრახოები” კი ამ დროს ამ ჟურნალისტებს დასდევდნენ კამერებითა და მიკროფონებით და მათ უსვამდნენ დამამცირებელ შეკითხვებს - თუ რამდენს უხდიდა მათი პატრონი და ასე იცავდნენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “ქართული ოცნების” გუნდს არ დაუსჯია “ალისტრახოების ჯგუფი” იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. ახალი ხელისუფლების პირობებში “ალისტრახოები” გადაღებებზე ჯერ არ დასდევენ ჟურნალისტებს ჩართული კამერებით, თუმცა “ალისტრახოობის ხიბლი” ნამდვილად იგრძნობა გადაცემებში, რომლებშიც ხელისუფლების პოზიციების გამაგრებას კრიტიკულად განწყობილი მედიებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციით ცდილობენ.


ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ