შსს-ს ამ დრომდე არ დაუკავებია მარნეულში ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ(ებ)ი
05.10.2020
შემთხვევიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ, მარნეულში, ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულები დაკავებული არ არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ.

"მთავარი არხის"4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა 29 სექტემბერს მიაყენეს. რეპორტიორები იმ დღეს მარნეულში, "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძარაობის" აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების თემას აშუქებდნენ. თავდასხმისას განსაკუთრებულად "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი დაშავდა, რომელსაც სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

მარნეულში მომხდარ შემთხვევაზე ძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო. გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა ამ დროისთვის გამოძიება და დაკავებულია თუ არა ვინმე ჟურნალისტების საქმეზე, “მედიაჩეკერი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე სიახლე არაფერია და იმაზე მეტს ვერ გვეტყვიან, რაც გუშინ მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.

გუშინ, მომხდარიდან მეექვსე დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს. თუმცა, მათ შორის არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მედიის წარმომადგენლებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ეტაპზეა გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “მთავარი არხის” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე, ბორცვაძემ განაცხადა, რომ კვლავ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ:

"ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები კვლავ ინტენსიურ რეჟიმში და დაველოდოთ. მას შემდგომ, რაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების ბრალეულობა და ჩვენ შევქმნით სათანადო სტანდარტს სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით იქნება მყისიერი". 


*** 

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს მარნეულში "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამავე დღეს ჟურნალისტებიც დაშავდნენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მარნეულში თავს დაესხნენ მათ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს და დააზიანეს ტექნიკა - მაუწყებლის კამერა და მიკროფონი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ ოპერატორს და დაამტვრიეს გადამღები ჯგუფის კამერა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა. "მთავარი არხის" ჟურნალისტის ინფორმაციით კი, დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც "ქართული ოცნების" წევრების ჩასაწერად მივიდა შტაბთან მისულს კი თავს დაესხნენ მას და მის ოპერატორს: “კიბეებზე ასვლას ვაპირებდი, მახსოვს, ბრბო წამოიწია ჩემკენ, 10-ზე მეტი ადამიანი იყო, ძალიან ბევრი. ყვირილი დამიწყეს, ოპერატორს დაარტყეს, ნუ ურტყამთ-მეთქი და ამის მერე, მახსოვს, უკვე ძირს ვეგდე”, – თქვა ჟურნალისტმა "მთავარ არხთან" ჩართვაში და ასევე აღნიშნა, რომ მას ფიზიკურად "ქართული ოცნების" შტაბის წინ უსწორდებოდნენ და ამ ყველაფერს ხედავდა პოლიციაც.

ჟურნალისტებზე თავდასხმას მარნეულის საკრებულოს თავჯდომარე ამირან გიორგაძე 1-ელ ოქტომბერს გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი არ უცემიათ:

"ჯეიჰუნი გარბოდა ფეხით და მერე მითხრეს ბიჭებმა, რომ როგორც კი ღობეზე გადახტა, წამოწვა, ვითომ ნაცემი იყო", – თქვა გიორგაძემ "ტვ პირველთან".

ჟურნალისტების დაშავების ფაქტს პირველ ოქტომბერს გამოეხმაურა ჟურნალისტების უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) და ხელისუფლებას გამჭვირვალე გამოძიებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. მომხდარს იმავე დღეს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი. განცხადებებში, რომელიც სამოქალაქო სექტორმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ იმისათვის, რომ არ წახალისდეს მსგავსი ძალადობა, შესაბამისმა უწყებებმა მომხდარი დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ.

ამ თემაზე იხილეთ: მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ