07.10.2020
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ბაღაკაშვილმა “მედიაჩეკერთან” განაცხადა, რომ საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.
შენობის დაჩქარებული წესით გაყიდვის შესახებ ინფორმაცია 6 ოქტომბერს თავად პანკისის სათემო რადიომ გაავრცელა და განაცხადა, რომ მერია დაჩქარებულად აპირებს შენობის გასხვისებას, რადგან რაც შეიძლება მალე შეაფერხონ რადიოს მუშაობა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით საკრებულოში აზრები იყოფა და საკითხის უკეთ შესწავლას გეგმავენ:
“საკრებულოში ყველას თავისი აზრი აქვს და მიიღებს თუ არა განკარგულებას გაყიდვის შესახებ, ეგ ჯერ არ ვიცით. მაგრამ, გინდაც გაიყიდოს, სანამ ხელშეკრულების ვადა არ დამთავრდება, კაციშვილი ხელს ვერ ახლებს.”
პანკისის სათემო რადიოს 89.7 კვმ სამუშაო ფართი მუნიციპალიტეტისგან იჯარით 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით სარგებლობის უფლებით აქვს აღებული. ამავე შენობის პირველ სართულზეა პანკისის მუზეუმი, მცირე სამკერვალო საწარმო, სტომატოლოგიური კაბინეტი და, ასევე, ცხოვრობს ორი ხანდაზმული ქალი.
რამაზ ბაღაკაშვილი აკონკრეტებს, რომ მუნიციპალიტეტი განიხილავს მთლიანი შენობის გაყიდვას, იქ არსებული მუზეუმისა და მიმდებარე პატარა ნაკვეთის გარდა. მისივე თქმით, საკითხი დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ გაფართოების სურვილით, ფონდი “როდი სკოტის” ხელმძღვანელობამ მიმართათ. საკრებულოს თავმჯდომარე არ მალავს, რომ თვითონ “როდი სკოტი” სკოლის გაფართოების მომხრეა:
“მე მომხრე ვარ იმისა, რომ გაფართოვდეს და რადიოს ხარჯზე იქნება თუ იქ მოღვაწე სხვა იმეების ხარჯზე, ეგ არ ვიცი, მაგრამ მაგ ბავშვებს გაფართოება უნდათ, რომ განათლება მიიღონ. მე მირჩევნია ბავშვებმა განათლება მიიღონ. ერთადერთი რაც მე მამოძრავებს, ეს არის”.
მისივე თქმით, სათემო რადიოს არაფერს ერჩის, თუმცა მისთვის პრიორიტეტი სკოლის გაფართოებაა:
“მე რადიოს არაფერს არ ვერჩი, პირიქით, არაფერს არ მიშლის ეგ რადიო, იყოს, თუ კარგს არ აკეთებს, ცუდი არაფერი გაუკეთებია, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი გაგებით. მე რადიოს ხარჯზე კი არ ვიძახი, მაგრამ არ ვიცი, მერია დაალაგებს. ჩემი პოზიციაა ეს, რომ გაფართოვდნენ ბავშვები, სკოლა გაფარდოვდეს და დანარჩენს მერია დაალაგებს”.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმასაც ამბობს, რომ თუ შენობა გაიყიდება, რადიოს ალტერნატიული ფართის მოძებნაში დაეხმარებიან:
“იქნებ, რაღაც მოვნახოთ, თუ გაიყიდება ეს შენობა. დასაზუსტებელია ჯერ, აუქციონზე გავა თუ არა. თუ გაიყიდა, მერე ვიფიქროთ. ჩვენც დავეხმარებით, რა პრობლემაა, ალტერნატიული, ფართის მოძებნაში”.
პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი რადიოს წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ უკავშირებს კრიტიკულ სარედაქციო საქმიანობას - “კერძოდ, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტის, ზეწოლის ფაქტების, გვარებს შორის დაწყებული დაპირისპირების, შეიარაღებული ჯგუფის მიერ პოლიციელების თვალწინ 37 წლის ახალგაზრდის მკვლელობის და სხვა საქმეების სიღრმისეულ გაშუქებას”.
პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ ორი საპროტესტო აქცია გაიმართა - 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს. აქციის მონაწილეები პანკისის რადიოს დარბევით, მის დამფუძნებელს კი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ბაღაკაშვილი გვიდასტურებს, რომ 29 აგვისტოს პანკისში, სოფელ დუისში გამართულ პირველ აქციაზე თავადაც იმყოფებოდა:
“მე რომ დამირეკეს, როგორც დეპუტატი კაცი, მე ვალდებული ვიყავი, რომ წავსულიყავი და იქ იყო ლაპარაკი მაგ სკოლის გაფართოებაზე. ხოდა, იქ რაღაც გამოხტომები იყო, კი, და ვუთხარით, რომ აქ მაგის ადგილი არ არის, ჩვენ ვართ რაზე მოსულები და თქვენ რას ლაპარაკობთ.”
- ამ თემაზე: დარბევისა და მუშაობაში ხელშეშლის ღია მუქარები და შსს-ს დუმილი - რა ბედი ელის პანკისის რადიოს
პანკისის სათემო რადიოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს დღეს, 7 ოქტომბერს კოალიცია"მედიის ადვოკატირებისთვის" კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა:
“მიგვაჩნია, რომ „პანკისის სათემო რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია არ შეიძლება დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ხელისუფლება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები როგორც მომხდარი ფაქტის გამოძიების, ისე რადიოს 2020 წლის 06 ოქტომბრის განცხადების თაობაზე, რომლითაც კიდევ უფრო ნათლად ჩანს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით დაგეგმილი ნაბიჯები.”