“ტვ პირველის” ჟურნალისტი: კობახიძემ ამ ბრიფინგით დაადასტურა, რომ მისმენენ
29.10.2020
დღეს, 29 ოქტომბერს “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე არეულობის მოწყობას გეგმავს, დამადასტურებლად კი ჟურნალისტსა და ოპოზიციის წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბარი დაასახელა. ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ, რომელსაც კობახიძე ახსენებდა, თქვა, რომ ეს არის ფაქტობრივად დადასტურება, რომ მას უსმენენ, რადგან საუბარი მასა და ოპოზიციონერს შორის ნამდვილად შედგა.

„გუშინ შედგა საუბარი ტვ პირველის“ ჟურნალისტს ნატო გოგელიასა და ნაცმოძარობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს ლიდერ ბესო ქათამაძეს შორის. რა დროსაც, მხარდაჭერის მიზნით, გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ - „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

“პოლიტიკოსმა ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე საჯაროდ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მისმენს! ის, რაც ზუსტად ვიცოდით, ის, რაზეც ვსაუბრობდით, დღეს პირდაპირ აღიარა პოლიტიკოსად წოდებულმა კაცმა!!! ამ აღიარების პარალელურად თქვა მტკნარი სიცრუე, რომ ჩემი და ბესო ქათამაძის საუბარი ვინმემ უამბო!

ქათამაძეს ტელეფონზე ვესაუბრე გუშინ დილით და ვკითხე რა ხდებოდა რეგიონში, სად იყო დაძაბულობა, რაზეც მითხრა რომ ნასაკირალში და ჭანიეთში რთული მდგომარეობაა, რომ ნასაკირალში, გუშინ წინ მათი შეხვედრია ჩაშლა სცადა "ქართულმა ოცნებამ" და რომ არჩევნებზე ამ ორ უბანზე ელოდებიან პროვოკაციებს”, - დაწერა ნატო გოგელიამ სოციალურ ქსელში. მან დასახლეებულ დეპუტატთან სატელეფონო ზარის ამსახველი ფოტოასლიც (სქრინი) გამოაქვეყნა, რომლითაც დაადასტურა, რომ ქათამაძეს ნამდვილად ესაუბრა.

გოგელია ამბობს, რომ იცოდა რომ უსმენდნენ, თუმცა, არ ეგონა, რომ ამას ასე ღიად აღიარებდნენ.



ნატო გოგელია ამბობს, რომ ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება და სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ