მარნეულის საარჩევნო უბანზე On.ge-ს ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალეს
31.10.2020
ონლაინგამოცემა On.ge-ს ინფორმაციით, მარნეულის სოფელ აზიზ ქენდიში #14 უბანზე მყოფ ჟურნალისტს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა მუშაობაში ხელი შეუშალა და აჩვენა, რომ შეიარაღებულია.

გამოცემა წერს, რომ ჟრუნალისტი დარინა ქამადაძე უბანზე ფოტოების გადასაღებად შევიდა, რეგისტრაციის დროს კი შენიშნა ადამიანი, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენა და ჰკითხა, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ პირმა ჯერ ცესკოს მიერ გაცემულ დამკვირვებლის მოწმობაზე მიუთითა, რომელიც ქურთუკის ქვეშ ჰქონდა, შემდეგ კი აჩვენა, რომ შეიარაღებულია. დარინა ქამადაძის ამბობს, რომ კითხვაზე, რატომ გადაადგილდება უბანზე იარაღით, კაცმა უპასუხა, რომ ეს მისი იარაღია.

“მას შემდეგ, რაც On.ge-ს წარმომადგენელმა კამერა ჩართო, კაცმა იარაღი დამალა და ჟურნალისტს კამერაზე ხელი დაარტყა. მოგვიანებით, ის სხვა ქურთუკით გამოჩნდა და თქვა, რომ იარაღი კიარა, ტელეფონი ჰქონდა”, - წერს on.ge.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულს ადასტურებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი რუსლან გაჯიევიც, რომელიც ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

On.ge-ის ინფორმაციით, გამოცემა ესაუბრა ევროპული საქართველოს წარმომადგენელს მარნეულში, აჰმედ იმამკულიევს. მან დაადასტურა, რომ უბანზე მყოფი ადამიანი ნამდვილად ამ პარტიას წარმოადგენს, თუმცა მას იარაღი არ ჰქონია და ეს ტელეფონი იყო.

მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტები დაფიქსირდა თბილისშიც. გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო, ონლაინგამოცემა "პუბლიკისა" და "TV პირველის" ჟურნალისტები დაშავდნენ.

მომხდარს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება საარჩევნო უბნებზე და დაიცვან ისინი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისგან.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ