01.11.2020
ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა:
"გლდანში ერთ-ერთ უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც "პუბლიკას" ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ს 154-ე მუხლის 1 ნაწილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. დაკითხვები აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის გამოკითხულია ჟურნალისტი. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.”
მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება თავდაპირველად მხოლოდ ერთი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მედიასამართლის იურისტები ამ ფაქტს “დაცინვად” აფასებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიება სამი მუხლით უნდა დაწყებულიყო.
"პუბლიკას" ჟურნალისტს, რომელიც 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, თბილისში, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე ინიციდენტს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონი დაუმტვრიეს. როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტი იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. ამ ფაქტის გადაღების დროს კი აგრესიულად განწყობილმა პირმა ჟურნალისტს ფეხი დაარტყა.