გადაადგილების ნებართვის მისაღებად მედიას 8 ნოემბრის 20:00 საათამდე აქვს ვადა
07.11.2020
გადაადგილების ნებართვის მოსაპოვებლად მედიამ მთავრობის ადმინისტრაციას 8 ნოემბრის 20:00 საათამდე უნდა მიმართოს. გადაადგილების სპეციალური ნებართვა ესაჭიროებათ როგორც ავტომანქანაში მსხდომ პირებს, ასევე მძღოლს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღამის საათებში გადაადგილების უფლების მისაღებად, სავალდებულოა ექსელის სპეციალური ცხრილის შევსება, რომელიც მედიასაშუალებებს პრესსამსახურისგან ეგზავნებათ.

შევსებული ფორმა მედიამ უნდა გააგზავნოს მისამართზე: pressoffice@gov.ge არაუგვიანეს 2020 წლის 8 ნოემბრის 20:00 საათისა.

"გაცნობებთ, რომ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ელექტრონულ ბაზაში ცვლილებები არ განხორციელდება. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თანდართული ექსელის ფორმა მოიცავს ორ გვერდს, რომელთაგან ორივე გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის მითითება სავალდებულოა", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მედიასაშუალებების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში იქნებიან. თუმცა, მედიამ ეს ნებართვა თავიდან უნდა მოიპოვოს, რადგან პანდემიის პირველი ტალღის დროს გაცემული ნებართვები აღარ მოქმედებს.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ