დადგეს სათანადო პასუხისმგებლობა და მედიას აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი - მედიაკოალიცია
09.11.2020
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ 8 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლისას მედიის წარმომადგენლების დაზიანებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მედიაკოალიცია აცხადებს, რომ მომხდარი მოვლენების გამო უნდა დადგეს სათანადო პასუხისმგებლობა და მედიას უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი. გარდა ამისა, ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, უფასო იურიდიული მომსახურებას სთავაზობს.

მედიაკოალიცია ახსენებს მმართველ გუნდს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებობა მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

“კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ შეახსენებს მმართველ გუნდს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა პატივი სცეს მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების უფლებას, ამასთან განსაკუთრებული ვალდებულებაა არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებობა მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”

მედიაკოალიციამ, “მედიაჩეკერზე“ დაყრდნობით, თავი მოუყარა დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს:

1. აქციის გაშუქებისას "ტელეკომპანია პირველის" ოპერატორს პავლე ხაჩიძეს თვალი დაუზიანდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
2. წყლის ჭავლით დასველდა და ამ მდგომარეობაში მუშაობის გაგრძელების შემდეგ გონება დაკარგა ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორმა გიორგი ჯაფარიძემ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.
3. დაშავდა ამავე არხის ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი, რომელიც წყლის ჭავლის წნევამ მიკროავტობუსიდან გადმოაგდო.
4. აქციის გაშუქებისას დაშავდა „რადიო თავისუფლების“ ორი გადამღები ჯგუფი. წყლის ჭავლმა დააზიანა მედიასაშუალების კამერა.
5. ფოტოკამერა დაუზიანდა OC Media-ს თანადამფუძნებელ, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, მის კამერას სავარაუდოდ ქვა მოხვდა.
6. ტექნიკა დაუზიანდა "რუსთავი 2-საც". მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო ოპერატორმაც.
7. წყლის ჭავლისგან მობილური ტელეფონი დაუზიანდა „გურიანიუსის“ ჟურნალისტს მერაბ ცაავას.
8. წყლის ჭავლის დამიზნებით სროლაზე საუბრობს JRC-ის ჟურნალისტი გიგა აბულაძე, რომელიც ასევე დაშავდა წყლის ჭავლისგან მუშაობის პროცესში. როგორც იგი ამბობს, აქვს თვალების წვის შეგრძნება და ცრემლდენა.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ წყლის ჭავლს, რომლითაც პერიოდულად აქციის დაშლას ცდილობდნენ, დამიზნებით უშენდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. ჟურნალისტები და ოპერატორები სწორედ წყლის ჭავლმა დააზიანა. მათი ნაწილი, წყლის წნევის გამო, გადაღების მანქანებიდანაც გადმოვარდა.

ამ თემაზე იხილეთ: ცეკოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას დაშავდნენ გადამღები ჯგუფები და დაზიანდა ტექნიკა

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ