ხელისუფლება მედიას მიზანმიმართულად უშლის ხელს - ქარტიის აქცია შსს-სთან
09.11.2020
ხელისუფლება მედიას მიზანმიმართულად უშლის ხელს - ქარტიის აქცია შსს-სთან "ნუ გვაბრმავებ!" - ამ სლოგანით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს და 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართული საპროტესტო აქციის დაშლისას მედიის წარმომადგენლების დაშავება გააპროტესტეს.

აქციაზე წაიკითხეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული ტექსტი, რომლითაც ორგანიზაცია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს მიმართავს.

“გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ერთად დავიცვათ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და შევქმნათ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო”, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ქარტიამ გაავრცელა.

alt

ქარტია აცხადებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერის არჩევნების კენჭისყრის დღიდან მოყოლებული მედიის წარმომადგენლებს არაერთხელ შეეშალათ ხელი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მედიას მიზანმიმართულად უშლის ხელს, რომ დროულად, სრულფასოვნად და მრავალმხრივ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია.

“კენჭისყრის დღეს, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მობილიზებული აქტივისტების მხრიდან შეინიშნებოდა აგრესია მედიის მისამართით, დაფიქსირდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც. დღის განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირები თავისი განცხადებებით ახალისებდნენ ამ აგრესიას.

2020 წლის 8 ნოემბერს კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო 4-მა ჟურნალისტმა. დაშავდნენ სხვა რეპორტიორები და დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც. აქციის დაშლისას წყლის ჭავლს დამიზნებით უშენდნენ მედიის წარმომადგენლებს”, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებს საგამოძიებო ორგანოები რეაგირებს გარეშე ტოვებენ და ასეთი მიდგომა ძალადობას ახალისებს:

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის ცდილობდა ყურადღების გარეშე არ დაეტოვებინა ჟურნალისტთა დევნისა და საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის თითოეული ფაქტი და ყოველთვის მიმართავდა საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა ყველა ეს მცდელობა რჩებოდა რეაგირების გარეშე, ისევე როგორც რეაგირების გარეშე დარჩა 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას 40-მდე ჟურნალისტის დაშავებისა და დაზიანების ფაქტი. ასეთმა მიდგომამ კიდევ უფრო წაახალისა ძალადობა”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ