17.11.2020
"ამ სეზონიდან, ნაცვლად ყოველდღიურისა, "ჰეშთეგი" მხოლოდ ერთდღიან ფორმატზე გადავიდა. ეს გადასვლა არ გამოხატავს გადაცემის გუნდის სურვილს და, ალბათ, არ იქნება ძნელი გამოსაცნობი, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო. შესაბამისად, ყოველ სამუშაო დღეს ვეღარ, თუმცა, ყოველ ხუთშაბათს 7 საათზე მოგიყვებით იმ თემების შესახებ, რაც გაწუხებთ და რაც უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი მზად იყო ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში თქვენთან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საჭიროებებზე სხვადასხვა ფორმატში ესაუბრა, ამის საშუალება არ მოგვეცა. თუმცა, მიუხედავად ამ ძალიან შემჭიდროებული დროისა, კვლავ შევეცდებით, საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების ხელშემწყობ გუნდად დავრჩეთ", - წამყვანების ამ შესავლით დაბრუნდა "ჰეშთეგი" აჭარის მაუწყებლის ეთერში 12 ნოემბერს, თითქმის 3 თვიანი წყვეტის შემდეგ, 5 სამუშაო დღიდან 1 დღემდე შემცებული ფორმატით.
"ჰეშთეგის" პირველი გადაცემა, 3-თვიანი წყვეტის შემდეგ.
გადაცემის ხელმძღვანელი ირაკლი ყურუა ამბობს, რომ გუნდში "ამ ეტაპისთვის იმაზე მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე პასუხი". მათთვის გაურკვეველია, ოფიციალურად რა მიზეზით შეამცირა რადიკალურად გადაცემის ფორმატი მაუწყებლის მენეჯმენტმა. თუმცა, 31 ივლისიდან გადაცემის შეჩერებას და არჩევნების შემდეგ ეთერში ერთდღიანი ფორმატით დაბრუნებას, გუნდში კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებენ:
"წერილობით მივმართეთ ოფიციალურად დირექტორს იმის თაობაზე, თუ რა ტიპის არგუმენტებს დაეყრდნო მაუწყებელი, როდესაც ბადის ასეთი რადიკალური შემცირება გადაწყვიტა. პასუხი იმდენად შაბლონური და არაფრისმომცემი იყო, რომ, პრაქტიკულად, ინფორმაცია არ მიგვიღია. ბუნებრივია, ყველაფერს ვუკავშირებთ იმ კონტექსტს, რაც მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ შეიქმნა. ვფიქრობთ, რომ მაუწყებელს არჩევნების წინა პერიოდში არ სჭირდებოდა კრიტიკული კონტენტისთვის საეთერო ბადეში რაიმე დროის დათმობა", - ამბობს ირაკლი ყურუა.
გადაცემის ფორმატის შემცირებაში მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და მიიჩნევს, რომ "ამ საკითხთან დაკავშირებით, განმარტებები საკმარისად გააკეთეს".
"ჰეშთეგი" გადაცემა ხომ არის ეხლა ეთერში? მითხარით, რა განსხვავებას ხედავთ განსაკუთრებულს? სათქმელს ვერ იტყვიან, თუ რა?", - ამბობს მაუწყებლის დირექტორი და "მედიაჩეკერის" კითხვაზე, თუ რა არგუმენტებით და რის საფუძველზე მიიღო გადაცემის 5-დან 1 დღემდე შემცირების გადაწყვეტილება, გვპასუხობს, რომ გადაწყვეტილება კომისიიდან გამომდინარე მიიღო და არა პირადი ინტერესებიდან. დამაზუსტებელ კითხვაზე, კონკრეტულად როგორ აფასებდა გადაცემას კომისია, ამბობს:
"მოვყვე ეხლა თითოეული კომიისიის წევრი? მე რა ვიცი, თითოეული თავისი შეხედულებისამებრ უყურებდა, მაგრამ ეს არ იყო შეხედულება მხოლოდ და მხოლოდ. ყურებადობა, თემატურობა, დანახარჯი - ბევრი საკითხიდან გამომდინარე იყო შეფასებული, თითოეული მიმართულებით ყველა ადამიანი აფასებდა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. აბსოლუტურად ნორმალური პროცესია, ეს არის განვითარების პროცესი".
ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან გიორგი კოხრეიძე მხოლოდ რეიტინგების თემას განავრცობს და ამბობს, რომ გადაცემა “ჰეშთეგის” დაწყებისას მაყურებელთა მინიმუმ 80% ეთერს ტოვებდა:
"მე მოგიყვანთ ერთ მაგალითს. თუ ავიღებთ რეიტინგს და ყურებადობას, როდესაც 7 საათამდე 10 ადამიანი, პირობითად ვამბობ, უყურებდა ეთერს, ყველაზე კაი ვარიანტში 2 ადამიანი რჩებოდა, როცა იწყებოდა გადაცემა, და ყველაზე ცუდ ვარიანტში არცერთი არ რჩებოდა ეთერში. ეს ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რის მიხედვითაც მოხდა შეფასება”.
“ჰეშთეგის” გუნდი აცხადებს, რომ რეიტინგები ფორმალური მოტივია. მათი თქმით, დირექტორი სჯით იმის გამო, რომ ძალმომრეობაზე დაფუძნებულ საკადრო პოლიტიკას არ შეეგუვნენ და დღემდე ცდილობენ გაასაჯაროონ მის მმართველობასთან, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და შელახულ შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.
“დაბალი რეიტინგი და სხვა მსგავსი საკითხები, ფორმალური და მოჩვენებითი მოტივია. რეალურად ის ემსახურება სულ სხვა მიზნებს და ეს მიზნები - [განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ] კრიტიკული კონტენტისთვის დროისა და რესურსების მაქსიმალური შემცირებაა. მაუწყებლის მენეჯმენტი გაურბის სოციალური პრობლემების არსებობის აღიარებას და ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი ყოველდღიურობის შესახებ მრუდე წარმოდგენების შესაქმნელად”, - ვკითხულობთ გადაცემის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ფონზე, გიორგი კოხრეიძე მიიჩნევს, რომ თანამშრომლებს “ყველანაირად უწყობს ხელს, რომ თავიანთი საქმე აკეთონ”. ჩვენს კითხვაზე, როგორ ფიქრობს, 5-დან ერთ დღემდე გადაცემის შემცირება ეს ხელშეწყობაა? გვპასუხობს, რომ “ტელევიზიას ასე სჭირდება”.
საპირისპიროზე საუბრობენ “ჰეშთეგის” გუნდში. ფიქობენ, რომ “მაუწყებლის მენეჯმენტი აგრეძელებს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებას”.
ირაკლი ყურუა ამბობს, რომ ბევრს ფიქრობდნენ დაბრუნებულიყვნენ თუ არა ეთერში. ბოლოს, მათთვის გადაცემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ სივრცის დათმობა ასე მარტივად არ უღირთ:
“საბოლოო ჯამში, ბევრი ვიფიქრეთ, დავბრუნებულიყავით თუ არა ეთერში თუნდაც არჩევნების მერე, მაგრამ, მაინც ჩავთვალეთ, რომ იმდენი თემა და იმდენი ადამიანია ყურადღების გარეშე, რომ ეს 45 წუთი კვირაში, რაც ძალიან ცოტაა, სულ არაფერს ჯობდა. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სატელევიზიო ეთერი, ამას ვუყურებთ, როგორც გარკვეული თავისუფლების 45 წუთს და ამის დათმობა, იმ შრომის, ჯანმრთელობის და ბრძოლის შემდეგ, რაც აქამდე გამოვიარეთ, არანაირად არ გვინდა. ამ სივრცის დათმობა ასე მარტივად არ გვიღირს, არ შეგვიძლია”.
აჭარის ტელევიზიამ გადაცემა “ჰეშთგისთვის” ეთერის დათმობა თავდაპირველად 23 მარტს შეწყვიტა. ამ დღიდან, მაუწყებელმა “ჰეშთეგთან” ერთად, საინფორმაციო და სამედიცინო გადაცემების გარდა, ყველა გადაცემა შეაჩეარა.
- წაიკითხეთ ამ თემაზე:
- აჭარა TV-ზე საინფორმაციო და სამედიცინო გადაცემების გარდა, სხვა ყველა შეჩერდა - ‘ჰეშთეგში’ ამბობენ, რომ ეს გადაცემის დახურვაა
მენეჯმენტი გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი
ვითარებით ხსნიდა. ირაკლი ყურუა მიიჩნევს, რომ იმ პერიოდშიც რეალური
მიზეზი გადაცემის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა იყო:
“პანდემიის პერიოდშიც ჩვენი გაჩერება იმას უკავშირდებოდა, რომ
მაუწყებლის მენეჯმენტს არ სურდა, ეთერში ყოფილიყო ისეთი მასალა,
ვთქვათ, სადაც ვისაუბრებდით იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემას უჭირს, რომ
ადამიანები რჩებიან ელემენტარული შემოსავლის გარეშე და სახელმწიფო
სათანადო ყურადღებას ვერ აქცევთ და ა.შ. ბუნებრივია, მაშინაც გვქონდა
განცდა და გარკვეული მოლოდინები იმისა, რომ შეიძლება “ჰეშთეგი”
საერთოდ არ დაბრუნებულიყო ეთერში”.
მოგვიანებით, 25 მაისს გადაცემა ეთერში ისევ დაბრუნდა, თუმცა, მოკლე
ხნით.
25 მაისი, 2020წ. გადაცემის დროებით დაბრუნება.