31.12.2020
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 6 თვის განმავლობაში 13 გამოცემას აკვირდებოდით. რა პრინციპით შეარჩიეთ აღნიშნული მედიები?
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული გამოცემები, რადგან, ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ იმ ვებგვერდებს, რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი კითხულობს. ერთი სირთულე ის გვაქვს, რომ არ არსებობს ასე გაწერილი რეიტინგები ონლაინ მედიასაშუალებების. ამიტომ ყოველი მონიტორინგის წინ ვატარებთ კვლევას, ვქირაობთ სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციას და ვთხოვთ, რომ დაგვითვალონ რეიტინგები. ბოლო რამდენიმე წელია ამას დავუმატეთ მეორე კომპონენტიც - მედიის ექსპერტებს, მიუკერძოებელ ადამიანებს, ვთხოვთ, რომ გამოგვიგზავნონ სია, მათი აზრით, რომელი საიტები იქნებოდა საინტერესო მონიტორინგისთვის. ამ ორ შედეგს ვაჯამებთ და შედეგად, ვადგენთ იმ მედიასაშუალებების სიას, რომელსაც დავაკვირდებით.
- რა აჩვენა 6 თვიანმა დაკვირვებამ?
ონლაინ მედიაზე ბევრი კარგის თქმა შეიძლება, წლიდან წლამდე გაუმჯობესება გვაქვს. ერთ-ერთი მიგნება ის არის, რომ გვაქვს საკმაოდ ბევრი ვებგვერდი, რომელიც ცდილობს მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით იმუშაოს, ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქოს მოვლენები და სიღრმისეული ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველს. 13 საიტიდან 6 მაინც გვქონდა ისეთი, რომ მხოლოდ დადებითის თქმა შეგვიძლია და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგად მეტყველებს ქართული ონლაინ მედიის განვითარებაზე.
რაც შეეხება სხვა ძირითად მიგნებებს, არ გვხვდებოდა ისეთი მძიმე დარღვევები, რომლებიც უფრო ხშირია, ვთქვათ, პრესაში, ტელევიზიაში, რაც გამოიხატება ჟურნალისტთა მხრიდან განსაკუთრებულად აგრესიულ, შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ გაშუქებაში. წელს სულ 2-3 პრობლემური ვებგვერდი გვქონდა, თუმცა, ამ ვებგვერდებზეც კი არ შეგვხვედრია ამ ტიპის განცხადებები ჟურნალისტთა ტექსტებში. პრობლემა იყო ის, რომ ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები შუქდებოდა უკომენტაროდ.
- რა ტიპის ეთიკური დარღვევები გვხვდებოდა ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში?
ერთ-ერთი სერიოზული დარღვევა არის სარეკლამო მასალების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო სტატიებისგან. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ქართულ ონლაინ მედიაში. ერთ მაგალითს გეტყვით, რომ უფრო კარგად აღსაქმელი იყოს, რა მასშტაბის პრობლემაზეა საუბარი. მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ვებგვერდ “ინტერპრესნიუსს” რომ დავაკვირდით, მონიტორინგის პერიოდში გამოქვეყნებული სტატიების (რომლებიც ეხებოდა პოლიტიკის და არჩევნების თემებს) თითქმის ⅓ იყო გამოქვეყნებული სარეკლამო ნიშნით - NS - რომელიც არ არის შესაბამისი მითითება და არ არის მარტივად აღსაქმელი მკითხველისთვის.
წარმოიდგინეთ, როცა ვებგვერდის არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული სტატიების ⅓ იყო დაფინანსებული, ეს მთლიანად ცვლის გაშუქებას და ეს პიარ მომსახურებას უფრო ემსგავსება, ვიდრე ჟურნალისტიკას. ფაქტობრივად, მკითხველს არ ეძლევა საშუალება, რომ გაარჩიოს რომელი სტატიაა რედაქციის მიერ მომზადებული, ჟურნალისტის ნამუშევარი და რომელი შეკვეთილი, კომერციული სარგებლის სანაცვლოდ გამოქვეყნებული.
სხვა ტიპის პრობლემებს რაც შეეხება, ყველაზე ხშირი და გავრცელებული დარღვევა ონლაინ მედიაში არის ბრალდებების ცალმხრივად გაშუქება. როდესაც არის კონკრეტული ბრალდება კონკრეტული პირის მიმართ, ზოგი ვებგვერდი ამას აშუქებს ისე, რომ არ ცდილობს იმავე სტატიაში წარმოადგინოს ბრალდების მხარის პოზიცია და, შესაბამისად, მკითხველს ეძლევა მხოლოდ ერთი მხარის მოსაზრება. ესეც შეინიშნებოდა ისეთ ვებგვერდებზე, რომლებიც ძალიან ტენდენციურად აშუქებენ მოვლენებს. ვთქვათ, ისეთი ვებგვერდები, რომლებიც უფრო ხელისუფლებისკენ იხრება, ასეთ ბრალდებებს ცალმხრივად აშუქებენ ოპოზიციის მისამართით.
- იხილეთ ონლაინ მედიის მონიტორინგის ანგარიში სრულად ამ ბმულზე
- ამბობთ, რომ ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება უფრო იმ ვებგვერდებზე შეინიშნებოდა, რომლებიც მიკერძოებული იყვნენ. თუმცა, მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შერჩეულ ვებგვერდთა დიდ ნაწილში არ ჩანდა მცდელობები, რომ ჟურნალისტებს გადაემოწმებინათ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები ან მოეძიებინათ ბრალდებულ მხარეთა კომენტარები...
დიახ, იყო გამონაკლისის სახით რამდენიმე შემთხვევა მონიტორინგის საწყის ეტაპზე ისეთ ვებგვერდებზე, რომლებიც ცდილობენ, რომ ეთიკური სტანდარტების დაცვით გააშუქონ მოვლენები. თუმცა, მონიტორინგის შემდეგ ეტაპებზე გამონაკლისის სახითაც აღარ გვხვდებოდა. ეს გამონაკლისიც მხოლოდ კვლევების გაშუქებისას გვხვდებოდა.
ბალანსის და ბრალდებების ცალმხრივად გამოქვეყნების პრობლემები გვხვდებოდა სამ ვებგვერდზე “მარშალპრესი”, “კვირა” და “პრაიმტაიმი”. ამ საიტებზე სისტემატურად გვხვდებოდა მძიმე ბრალდებების ცალმხრივად გაშუქება. თუმცა, ესეც არ იყო ჟურნალისტთა ტექსტები, ეს იყო პოლიტიკოსების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მათი ოპონენტების მიმართ.
- თქვენი დაკვირვებით, ბრალდებების ცალმხრივად გაშუქების მიზანი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების დისკრედიტაცია იყო?
მიზნის თქმა ზუსტად შეუძლებელია, ჩვენ ვაკვირდებით იმ მესიჯს, გზავნილებს, რაც მოდის მედიაპროდუქტიდან. მიზანს, ამის უკან რა დგას, ჩვენ არ ვიკვლევთ. თუმცა, მიზანზე მიუთითებს ის, რომ ასეთი ბრალდებების გაშუქება გვხვდებოდა მხოლოდ ოპოზიციონერ კანდიდატთა მიმართ. ეს გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ეს ხდებოდა მიზანმიმართულად და არა შემთხვევით, ან უბრალოდ სტანდარტების არცოდნის გამო.
- რამდენიმე მედიასაშუალება დაასახელეთ და თქვით, რომ ძალიან აშკარა იყო ამ ვებგვერდებზე ხელისუფლების მიმართ მიკერძოება. დანარჩენ სამონიტორინგო ვებგვერდებს რაც შეეხება, ხომ არ გამოკვეთილა ზოგადად ოპოზიციის ან რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მიმართ მიკერძოება ან სიმპატია?
არა, ერთ-ერთი მთავარი მიგნება წლევანდელი მონიტორინგის სწორედ ეს არის, რომ არ გვხვდებოდა პოლარიზაცია. წელს გვხვდებოდა ვებგვერდები, რომლებიც აშკარად ხელისუფლებისკენ იყო, ასევე, გვხვდებოდა ვებგვერდები, რომლებიც ძალიან კრიტიკულად იყო ხელისუფლების მიმართ. თუმცა, ჩვენ არცერთი ვებგვერდი არ შეგვხვედრია, რომელზეც რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიმართ განსაკუთრებული, აშკარა მხარდაჭერა გამოკვეთილიყო.
ერთადერთი იყო “ტაბულა”, რომელზეც “ევროპულ საქართველოს” ჰქონდა ბევრად მეტი გაშუქება, ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა იქაც არ ჩანდა განსაკუთრებულად დადებითად გაშუქების ტენდენცია. ამბები ამ პარტიის მიმართ უარყოფით ტონშიც შუქდებოდა. ანუ აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ დაბალანსებული გაშუქება იყო და აშკარა მხარდაჭერა არ შეინიშნებოდა.
- დასაწყისში ახსენეთ, რომ მკითხველს ჰქონდა საშუალება სიღრმისეულ, ანალიტიკურ სტატიებს გაცნობოდა და ამ მხრივ წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესება შეინიშნებოდა. მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში კი ერთ-ერთ მიგნებად გამოყოფილია, რომ ონლაინ მედიაში კვლავ პრობლემად რჩება ზედაპირული გაშუქება. ამ ნაწილში იმ მედიასაშუალებებს გულისხმობთ, რომლებიც ხელისუფლების მიმართ იყო მიკერძოებული?
დიახ, სწორედ ასეთ ვებგვერდებზე იყო ზედაპირული გაშუქების პრობლემა. ჩვენ ვთქვით, რომ 13 მედიასაშუალებიდან 6-ზე შეგვიძლია კარგი დასკვნების გაკეთება, თუმცა, მეორე მხარეს რჩება 7 ვებგვერდი, სადაც კვლავ პრობლემად რჩება მოვლენების ზედაპირული გაშუქება. ნადვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს ეხება მთლიანად ონლაინ მედიას, თუმცა გვაქვს მედიასაშუალებები, სადაც ეს პრობლემა კვლავ არსებობს.
- ამ თემაზე იხილეთ: ზედაპირული გაშუქება და კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა - რა აჩვენა ონლაინ მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგმა
- პანდემიის გამო, წლევანდელი საარჩევნო პერიოდი განსხვავებული იყო წინა წლებისგან. როგორ აისახა ეს მონიტორინგზე? ხომ არ ფიქრობთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებულმა თემებმა ჩაანაცვლა მედიაში წინასაარჩევნო დღის წესრიგი?
ჩვენ ვაკვირდებოდით მხოლოდ ისეთ მასალებს, რომლებშიც ჩვენი სუბიექტები იყვნენ - პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, სახელმწიფო უწყებები, ქვეყნის მეთაურები. ერთადერთი, რაც ძალიან ნათლად აისახა ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგებზე პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან იყო ის, რომ აბსოლუტურად ყველა ვებგვერდზე ძალიან მაღალი დადებითი ტონის მაჩვენებელი ჰქონდა პრემიერ მინისტრს. ისეთ ვებგვერდებზეც კი, რომლებიც ზოგადად ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილი მთავრობის და თავად პრემიერ მინისტრის მიმართ. ეს გამოიწვია იმან, რომ პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ მომზადებული სხვადასხვა სახის დახმარების პაკეტები ყოველთვის ჟღერდებოდა პრემიერ მინისტრის მხრიდან. შესაბამისად, ეს აისახა მისი გაშუქების მაჩვენებელში.
- თქვენი დაკვირვებით, რამდენად ჰქონდა ონლაინ მედიის მკითხველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება?
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ვებგვერდების ნაწილი საარჩევნო პერიოდში მკითხველს აწვდიდა სანდო, სიღრმისეულ ინფორმაციას პოლიტიკოსების საქმიანობის შესახებ, მათი საარჩევნო პროგრამების, ხედვების შესახებ. შემაჯამებლად, შეგვიძლია იმის თქმა, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ონლაინ მედიიდან მიიღოს სანდო ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ჩვენ ონლაინ მედიას 2012 წლიდან ვაკვირდებით და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს 8 წელი უწყვეტად არის გაუმჯობესების პროცესი. 2012 წელს უკიდურესად პოლარიზებული იყო ქართული ონლაინ მედია. ნაწილი ერთ მხარეს იდგა და ნაწილი - მეორე მხარეს და ეს ძალიან აშკარა იყო. შემდეგ წლებში სულ უფრო და უფრო მცირდებოდა პოლარიზაცია. პარალელურად, ჩნდებოდა ასეთი პრობლემა, რომ რეიტინგულად ძალიან მაღლა მიიწევდნენ ისეთი ვებგვერდები, რომლებიც ზედაპირულად აშუქებდნენ მოვლენებს. ამ კუთხით ბევრად უკეთესი სიტუაცია გვაქვს. ისეთი ვებგვერდების რეიტინგები უფრო გაიზარდა, რომლებიც მიუკერძოებლად, ეთიკური სტანდარტების დაცვით და სიღრმისეულად აშუქებენ მოვლენებს. ამიტომ, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული სულ გაუმჯობესება გვაქვს ქართულ ონლაინ მედიაში. წელს შერჩეული მედიასაშუალებების თითქმის ნახევარი იყო აბსოლუტურად სანდო და საიმედო საარჩევნო პერიოდში.