16.01.2021
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა გასული, 2020 წლის ივლისში დატოვა, საპარამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.
"მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ", - წერდა მაღლაფერიძე ვრცელ განცხადებაში, რომლითაც მან საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს მიმართა.
მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მაღლაფერიძეს შესაძლოა პოლიტიკურ სივრცეში გაეგრძელებინა საქმიანობა, მაშინვე გაჩნდა, მას „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მოიაზრებდნენ.
„მედიაჩეკერი“ დღეს ცდილობდა ვასილ მაღლაფერიძესთან გაერკვია, ხომ არ უკავშირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოზიციის დატოვება მის პარტიაში გადანაცვლებას, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამავე კითხვაზე კი „მთავარი არხის“ ჟურნალისტთან საუბარში, ეს კატეგორიულად გამორიცხა.
„ტელევიზიიდან წავედი სადღაც ივლისში და აგვისტოში და კარგია, რომ ვგეგმავდეთ, მაგრამ ქართველები ასე არ ვგეგმავთ, 5 თვით ადრე. ამასთან არ იყო კავშირში. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, იმიტომ, რომ წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი და პარტიამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება მის გარეშე. ეს არ არის ხშირი მოვლენა საქართველოში და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს ამ პარტიას“, - განაცხადა მაღლაფერიძემ „მთავარ არხთან“.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 2017 წლის იანვარში აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა. ახალი დირექტორის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 21 ნოემბერს არხის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა პოსტი გაურკვეველი მიზეზით დატოვა. მაშინ, ვასილ მაღლაფერიძის არჩევას, სამოქალაქო ორგანიზაციების საჯარო განცხადება მოჰყვა, ისინი ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ ინტერესზე საუბრობდნენ.