26.01.2021
სანდრო ბრეგაძე ირწმუნება, რომ ახალი ტელევიზია მაუწყებლობას, დაახლოებით, ერთ თვეში დაიწყებს. მისი თქმით, “გეორგია” უკვე არსებული არხის ბაზაზე დაფუძნდება, თუმცა, რომელი არხის, არ გვიმხელს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად კი გარკვეული დროა საჭირო.
ახალი ტელევიზია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის” გენერალური მდივნის - ირაკლი შიხიაშვილის, თავად სანდრო ბრეგაძის და მათი ორი მეგობრის სახსრებით დაფინანსდება, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ:
“რა თქმა უნდა, არ იქნება რაღაც ძალიან მაღალ ბიუჯეტიანი არხი, მაგრამ ეს იქნება არხი, სადაც იქნება საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ობიექტურად გააშუქებს მოვლენებს. არხზე იქნება, ასევე, ობიექტური პოლიტიკური შოუ”.
პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ მაქსიმალურად ეცდებიან ტელევიზია, რომელსაც პარტიის ლიდერები აფუძნებენ, მიუკერძოებელი იყოს, თუმცა, იქვე დასძენს, რომ “გამოვა თუ არა, ეს სხვა ამბავია და გამორიცხული არაფერი არ არის”.
“აქ მთავარი არის, რომ დღეს, სამწუხაროდ, ყველა ტელევიზია არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის სამსახურში, რაც არის სამარცხვინო. არ არსებობს არხი, რომელიც პარტიას არ ეკუთვნის. ამასთანავე, დაბლოკილი არიან ყველგან კონსერვატორული ფიგურები, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვა არ გვექნება და პირიქით, წარმოჩენილები იქნებიან ბევრად უფრო კარგად ის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც კონსერვატორულ ღირებულებებს ატარებენ”, - ამბობს ბრეგაძე და კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ არხი პარტიული იქნება, კვლავ იმეორებს, რომ მათი არხი რომელიმე პარტიის ინტერესს არ გაატარებს.
პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის” ლიდერი “ჟურნალისტიკის სირცხვილს” და “ლიბერალურ დიქტატურას” უწოდებს მაუწყებლების პოლარიზაციას და იმ ფაქტს, რომ რესპონდენტებს შერჩევით ეპატიჟებიან. ამბობს, რომ მაგალითად მათთვის ყველა ტელევიზიის კარი დაკეტილია.
“ჩვენი მიზანი არ არის, რომ კიდევ ერთი პარტიული ტელევიზია შეემატოს ჩვენს საინფორმაციო ველს. ჩვენ ვეცდებით ყველას დავუთმოთ ეთერი, რამდენად შევძლებთ, ამას უკვე დრო გვაჩვენებს. მაგრამ ერთი ცხადია, კონსერვატორი ეროვნული პოლიტიკოსებისთვის და საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის აბსოლუტურად ყველა ტელევიზიის კარი დაკეტილია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ლიბერალური დიქტატურა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის დამყარებული. ჩვენთვის ყველა ტელევიზია არის დაკეტილი. პირდაპირ გვიცხადებენ, რომ თქვენ არ ხართ ჩვენი იდეოლოგიის და ამიტომ ტელე-ეთერს ვერ დაგითმობთ. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურა”, - ამბობს ბრეგაძე და ამატებს, რომ მათ ტელევიზიაში “არავის დაბლოკავენ”:
“ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ ტელევიზიაში დაბლოკილი იყოს თუნდაც “გირჩი”, ბოკერიას პარტია, “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება” ან სხვა ლიბერალური ღირებულებების მქონე პოლიტიკური ჯგუფი. პირიქით - დისკუსიაში უნდა მოხდეს აზრთა ჭიდილი და თვითონ მაყურებელმა უნდა გამოიტანოს სიმართლე”, - ირწმუნება “ქართული მარშის” ლიდერი.