03.02.2021
მედიასაშუალებების წარმომადგენლების თქმით, ხშირად მიწოდებული მონაცემები არასრულია ან საერთოდ არ პასუხობს მათ კითხვებს, ზოგჯერ კი, თვეობით ლოდინის მიუხედავად, საერთოდ ვერ იღებენ გამოთხოვილ ინფორმაციას. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელი ეშლებათ სრულყოფილი მასალების მომზადებაში და საჯარო უწყებების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება აფერხებს და ამძიმებს მათ სამუშაო პროცესს.
რას ითხოვენ მედიები და რას პასუხობენ
საჯარო უწყებებიდან
“ეს არის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ეს არ არის
მხოლოდ მედიისთვის მუშაობაში ხელშეშლა და მხოლოდ კანონის
უზრუნველყოფა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებების
უგულვებელყოფა”, - ამბობს ეთერ თურაძე, ონლაინ გამოცემა “ბათუმელების”
რედაქტორი, და ბოლო შემთხვევას იხსენებს, როდესაც არაერთი მცდელობის
მიუხედავად, მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაინც ვერ მიიღეს.“ბათუმელები” ჯანდაცვის სამინისტროს “სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან” ითხოვდა ინფორმაციას სახელმწოფო პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტების შესახებ, რომლებიც ამჟამად დეფიციტშია და პაციენტები ვერც პროგრამით იღებენ და ვერც ყიდულობენ.
ეთერ თურაძე. ფოტო: © თამარ ჭანიძე
“ჩვენ მოგვმართა ადამიანმა, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს პარკინსონის დაავადება და რეგულარულად სჭირდება მედიკამენტი, თუ ამ მედიკამენტს ვერ მიიღებს, დაიღუპება. სხვებიც გამოგვეხმაურნენ მსგავსი პრობლემით. ამიტომ გადავწყვიტეთ მიგვემართა ჯანდაცვის სამინისტროსთვის. ეს ადამიანები წამალს ვერც ყიდულობენ და ვერც პროგრამულად იღებენ. ამ ფონზე, ვეკითხებით სამინისტროს, რატომ, რა მიზეზით არ არის ეს წამლები და როდის შემოვა ეს მედიკამენტები.სანამ საჯაროდ არ დავუწერეთ ფეისბუქზე, რომ იქნებ გამოგვიგზავნოთ პასუხი, იქამდე არ გვიპასუხეს. ბოლოს, გამოგვიგზავნეს სრულიად გაუგებარი წერილი, ინფორმაცია, რომელიც ჩვენს კითხვებზე პასუხს არ შეიცავს. ეს არის უპასუხისმგებლობა, ჩემი აზრით”, - ამბობს ეთერ თურაძე.
ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციას მესამე თვეა უშედეგოდ ელოდება “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი. ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, ძირითადად, კორონავირუსის თემაზე უწევს მუშაობა და ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ხშირად აწყდება მსგავს პრობლემას:
“ჯანდაცვის სამინისტროდან ვითხოვდი ინფორმაციას, წერილი მივიწერე, გავიდა ყველანაირი ვადა, 10 დღე, ერთი თვე და სამი თვეც გავიდა იმის შემდეგ და დღემდე არ მიგვიღია პასუხი. გვაინტერესებდა, რა უჯდება სახელმწიფოს ერთი პაციენტის მკურნალობა და ჩაშლილი გვქონდა სხვა კითხვებიც”.
ჯანდაცვის სამინისტროდან ინფორმაციის მიღების პრობლემაზე ყველა მედიასაშუალება ჩივის. თუმცა, ჟურნალისტები ამბობენ, რომ ინფორმაცია ყველა სხვა საჯარო უწყებიდანაც რთულად ხელმისაწვდომია.
“აუღებელი ციხესიმაგრეა ჯანდაცვის სამინისტრო. თუმცა, ეს არის სისტემური პრობლემა და აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ რომელიმე ერთ უწყებაზე, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ინფორმაცია არ მოგვცენ”, - ამბობს ნოდარ მელაძე, “TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი.
მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ორი თვის წინ გამოთხოვილ ინფორმაციას დღემდე ელოდებიან მარნეულის სათემო რადიოში. კამილა მამედოვა, რადიოს დამფუძნებელი და დირექტორი, ამბობს, რომ უწყებას დეკემბერში მიმართეს, თუმცა არანაირი პასუხი არ მიუღიათ. მისივე თქმით, ზოგჯერ პასუხს საერთოდ ვერ იღებენ, ზოგჯერ კი პასუხად არასრულ და გამოუსადეგარ ინფორმაციას იღებენ:
“ჩვენ სულ წერილებს ვწერთ და მერე 10-20 დღე ველოდებით. ცენტრალური უწყებები, ძირითადად, გვაწვდიან ინფორმაციას, მაგრამ, მაგალითად, მარნეულის მერია ხშირად გვაწვალებს, საკითხს გააჩნია ხოლმე. გარდა იმისა, რომ დრო იწელება, ხშირად კითხვაზე პასუხს ვერ ვიღებთ. სხვას ვეკითხებით და სხვას გვპასუხობენ.”
კამილა მამედოვა, რადიო "მარნეული". ფოტო: © თამუნა ჩქარეული/OC Media
იგივე პრობლემაზე საუბრობს ლიკა ზაკაშვილიც, ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” რედაქტორი.“ჩვენ პასუხის საერთოდ არმიღების შეთხვევა არ გვქონია, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ამ პასუხებს ვიღებთ ვადების დარღვევით და მიღებული ინფორმაცია არ პასუხობს დასმულ კითხვებს. განათლების სამინისტროსთან სამჯერ თუ ოთხჯერ გვქონდა ამ ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევა, 10 დღიან ვადას ყველა გადასცდა. ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას, დირექტორთა გათავისუფლების საკითხს ეხებოდა და რამდენიმეჯერ შევაბრუნეთ და კითხვაზე პასუხი მაინც ვერ მივიღეთ”.
მისივე თქმით, ადრე ნაკლებად იყო ეს პრობლემა და ვერ იხსენებს შემთხვევას, რომ ორ-სამ თვიანი დრო დასჭირვებოდა ინფორმაციის მიღებისთვის.
რა შუაშია პანდემია ინფორმაციის
ხელმისაწვდომობასთან
COVID-19-ის პანდემიის პირობებში მედიისთვის საჯარო ინფორმაციის
მოპოვება კიდევ უფრო გართულდა და მიუწვდომელი გახდა. 2020 წლის 21
მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო
მდგომარეობა გამოცხადდა და ამ პერიოდში, სხვა მრავალ შეზღუდვასთან
ერთად, საჯარო ინფორმაციის გაცემაც შეჩერებული იყო.“ეს იყო გადამეტებული ზომა და არანაირი საჭიროება არ არსებობდა იმის, რომ ინფორმაციის შეზღუდვა დაეწესებინათ. ვითომ, ეხლა აღარ არის ეს შეზღუდვა, თუმცა ჩვენი გაგზავნილი ბევრი წერილი დღემდე უპასუხოა”, - ამბობს სტუდია “მონიტორის” რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი “მედიაჩეკერის” გადაცემაში, რომელიც გამომძიებელი ჟურნალისტების პრობლემებს ეთმობა.
იგივე გამოცდილებაზე საუბრობს გადაცემის მეორე სტუმარი ნინო ბაქრაძე, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” რედაქტორი. მისი თქმით, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემამ მათი ბევრი პროექტი და გამოძიება შეაფერხა:
“განსაკუთრებით, პირველი ლოქდაუნის დროს, როდესაც საგანგებო ვითარების გამო, სრულიად შეიზღუდა წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, წერილსაც არ ვაგზავნიდით, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ არავინ დაარეგისტრირებდა კანცელარიაში. ახლაც გრძელდება ეს ტენდენცია... თვეობით ველოდებით ხოლმე ერთ წერილზე პასუხს. ვრეკავთ და გვეუბნებიან, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი არის თვითიზოლაციაში, კორონა აქვს, მერე ამ იზოლაციას არ ამთავრებს არასდროს, შემცვლელი არავინ არ ჰყავს. განსაკუთრებით, რეგიონში როცა ვმუშაობთ, იქ არის კატასტროფა. შეუძლიათ, რომ ამ მიზეზით გაწელონ პროცესი უსასრულოდ”.
კორონავირუსის გამო, დისტანციურად მუშაობის მიზეზით, კანონით დადგენილ ვადებში არ აწვდიან გამოთხოვილ ინფორმაციას რეგიონულ ონლაინ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭესაც”. გამოცემის რედაქტორი თინათინ ზაზაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ყველა უწყებასთან ჰქონიათ ამ კუთხით პრობლემა და ზოგჯერ საერთოდ ვერ იღებენ პასუხებს:
“ადგილობრივ თვითმართველობებში (საიდანაც პრემიებთან დაკავშირებით გამოვითხოვეთ ინფორმაცია) გვეუბნებიან, რომ დისტანციურად მუშაობენ და ამიტომ გვიანდება პასუხების გამოგზავნა. რაც შეეხება სხვა უწყებებს, არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი, თუ რატომ არ გვაწვდიან, რა არის ამის მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია, ათ დღიანი ვადა კი არა, ორი თვე გადის უკვე”.
- პანდემიის გამო, რეგიონული მედია განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში, ფაქტობრივად, სრულ საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდა
- ამ თემაზე წაიკითხეთ: კარი ჩაგვიკეტეს, როგორ მუშაობს რეგიონული მედია პანდემიის პირობებში
რა გზა რჩება მედიას საჭირო ინფორმაციის მისაღებად
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რომ განცხადების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ გასცეს საჯარო ინფორმაცია. ასევე, შეუძლია გამოიყენოს 10 დღიანი ვადა, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არის დიდი მოცულობის, საჭიროებს შეგროვებას და დამუშავებას ან აუცილებელია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან კონსულტაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაწესებულება ამ 10 დღიან ვადას იყენებს, აღნიშნულის შესახებ განმცხადებელს უნდა აცნობოს.მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჯარო უწყებები არათუ 10 დღიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში, არამედ ვადაგადაცილების დროსაც არ ატყობინებენ და ხშირად ჟურნალისტებს უშედეგოდ უწევთ მრავალჯერ მიმართვა და ერთი და იგივე ინფორმაციის ახლიდან გამოთხოვა. თუ უწყება ინფორმაციას არ გასცემს, განმცხადებელს შეუძლია სასამართლოს მიმართოს. ზოგჯერ, საჯარო პირები თავადვე უთითებენ ჟურნალისტებს სასამართლოსკენ:
“ჩვენ ორი-სამი სასამართლო პროცესი გვაქვს ინფორმაციის მიღებაზე. მაგალითად, პრემიერ მინისტრის განკარგულებებს ვითხოვდით კანცელარიიდან და ვერ მივიღეთ პასუხი, ბოლოს თვითონ მიგვითითეს, რომ შეგვეძლო სასამართლოში გვეჩივლა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არაეფექტური გზაა, უნდა ჩათვალო, რომ იმ თემას ვერ გააკეთებ. ივნისში მივმართეთ სასამართლოს და ჯერაც არ ჩანიშნულა სხდომა”, - ამბობს ნანა ბიგანიშვილი.
სასამართლოში დავობს “ბათუმელებიც”, მათ შესყიდვების სააგენტოს და მედიაკადემიას უჩივლეს, რადგან გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდეს. თუმცა, სანამ სასამართლომდე მივა საქმე, ზოგჯერ სხვა გზებსაც მიმართავენ. მაგალითად, ეთერ თურაძე ამბობს, რომ უწყებები ზოგჯერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტებზე რეაგირებენ:
“ჯანდაცვის სამინისტროს სანამ საჯაროდ არ დავუწერეთ ფეისბუქზე, იქამდე არ გვიპასუხეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც ვითხოვდით ინფორმაციას და რეაგირება არ ჰქონდათ, სანამ საჯაროდ არ დავუწერეთ. არის უწყებები, რომლებთანაც საჯაროდ დაწერასაც არ აქვს აზრი, მაგალითად, იუსტიციის სამინისტრო, საერთოდ არ აინტერესებთ რას დაუწერ და რას ფიქრობ”.
- პანდემიისას მედიისთვის პრობლემა გახდა ზოგიერთი უწყების პრესამსახურთან კომუნიკაციაც.
- ამ თემაზე იხილეთ: პანდემია, ჯანდაცვის კრიზისი და ონლაინ მედია მხოლოდ ბრიფინგების იმედად
სასამართლოში ბევრი არ ჩივის იმის გამო, რომ პროცესი უსასრულოდ იწელება და როდესაც სასამართლოც დაავალდებულებს უწყებას, რომ გასცეს მოთხოვილი დოკუმენტები, შესაძლოა, ის ინფორმაცია მედიისთვის ღირებული აღარც იყოს.
მაგალითად, ნინო ბაქრაძე, რომელმაც ინფორმაციის არგაცემის გამო ეკონომიკის სამინისტროს უჩივლა, იხსენებს, რომ დავა ორი წელი გაგრძელდა და ორი წლის შემდეგ ძლივს მიიღეს გამოთხოვილი დოკუმენტი.
“საჯარო ინფორმაციის მიღებაზე პრობლემების მხრივ ასეთი სიტუაცია არ მახსენდება, 18 წელია ჟურნალისტიკაში ვარ. რა თქმა უნდა, პრობლემები იყო, მაგრამ ასეთი, რომ პასუხსაც არ გცემენ, ასეთი არ მახსენდება. გვაქვს რამდენიმე თემა, რომლის დასრულებას შევძლებთ თუ არა, არ ვიცი. იმიტომ, რომ ინფორმაციაზე წვდომა არ გვაქვს”, - ამბობს ნანა ბიგანიშვილი.
საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემები წლიურ
ანგარიშებში
კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის” 2020 წლის მედიაგარემოს მიმოხილვაში ცალკე
თავი მიუძღვნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ნაწილს და შეაფასა,
როგორც “გადაუჭრელი პრობლემა ქართველი ჟურნალისტებისთვის”.მედიაკოალიცია განმარტავს, რომ “ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა აბრკოლებს კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას. მთავრობის წარმომადგენლები ხშირად უარს ეუბნებიან კრიტიკულ საინფორმაციო საშუალებებს ინტერვიუს მიცემაზე და საჯარო პირები სირთულეებს უქმნიან კრიტიკულ მედიას საჯარო ინფორმაციის მოპოვების პროცესში. პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება COVID 19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ჟურნალისტებს უწევთ მეტი ბრძოლა ინფორმაციის მისაღებად”. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), რომელიც საჯარო ინფორმაციის გავრცელებაზე მონიტორინგს ატარებს, 2019 წლის ანგარიშში წერს, რომ “ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა”. 2020 წლის ანგარიშში კი IDFI ნათქვამია, რომ სიტუაცია გაუარესდა მას შემდეგ, რაც დააწესეს შეზღუდვები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე COVID19-ის პანდემიის დროს გაზაფხულზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას.