შფოთვითა და სასოწარკვეთით სავსე ერთი წელი - ჟურნალისტები კოვიდის პირისპირ
10.02.2021
პირველი სტატიები/რეპორტაჟები კოვიდის შესახებ მოამზადეს, როგორც ამბავი სადღაც, სამყაროს მეორე ნაწილში გაჩენილი ვირუსის შესახებ, რომელიც რასიზმს აღვივებდა. რესპონდენტების მონათხრობი ჰგავდა ფილმის კადრებს, ალბათ ღიმილის მომგვრელსაც და არც კი დაუშვიათ, რომ მალე ეს ყველაფერი მათ გარშემოც დაიწყებოდა… მას მერე ერთი წელი გავიდა... შიშით, შფოთვით, სასოწარკვეთით, ახლობლების მონატრებითა და მოლოდინით - როდის დაწერენ ბოლო ამბავს ვირუსზე, რომელიც დამარცხდა.

"პანდემია ჩემთვის აღმოჩნდა ფობია" - გვეუბნება ნინო თარხნიშვილი, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, რომელიც ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე სისტემატურად წერს კოვიდთან დაკავშირებულ ამბებს.

"ის ქცევები, რაც ჩამომიყალიბდა პანდემიის დასაწყისში - თუნდაც, მაგალითად, ნივთების წმენდა და პროდუქტების დასპირტვა (მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ძალიან ბევრი სტატიაც დავწერე, რომ ზედაპირებიდან ვირუსი არ გადადის ისე, როგორც თავიდან ეგონათ) - ეს ჩვევა, მე რაღაცნაირად ვერ შევიცვალე".

 

ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის საკითხებს აშუქებენ, პანდემია ბევრი კუთხით აღმოჩნდა გამოწვევა. გაიზარდა მათი შრომის უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის რისკები, დატვირთვა, დამძიმდა ემოციური ფონი.

"გარდა იმისა, რომ უნდა იმუშაო და ახალ რეალობას მოერგო, ყველა ეს სტრესი, ყველა ინფორმაცია, ყველა უბედურება ჟურნალისტებამდე მოდის, მერე შენ ამას ფილტრავ და მკითხველს აწვდი. ჯერ ჩვეულებრივი, რიგითი მკითხველისთვისაც სტრესული და დამღლელია მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის მიღება პანდემიაზე, რომ ამდენი ათასი ადამიანი კვდება, რომ ადამიანები ტანჯვით იღუპებიან და ამ დროს ჟურნალისტებისთვის, რომლებასც ათჯერ მეტი ინფორმაციის და უბედურების მიღება უწევთ, კიდევ უფრო რთულია. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ფსიქიკაზე, არ არის ადვილი ამ ინფორმაციის გაფილტვრა და გინდა არ გინდა, ეს გონებაში რჩება", - გვეუბნება თაზო კუპრეიშვილი, ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” რედაქტორი.



მისი შფოთვის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ დასახმარებლად სპეციალისტსაც მიმართა:

"მე პირადად შფოთვებიც მქონდა ღამღამობით ამ ინფორმაციული ნაკადით გამოწვეული, იმიტომ, რომ სულ ცუდზე ვფიქრობდი. გარდა პროფესიული კუთხით, ადამიანურადაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ ჩაკეტვამ. ერთ ექიმს ველაპარაკე და პირველი რჩევა იყო - მაქსიმალურად მოერიდე ნეგატიურ ინფორმაციას კორონავირუსზე, გათიშე ფეისბუქი, ტელევიზორი და ამით ეშველება შენს შფოთვებსო. ძალიან გამეცინა, შეიძლება რიგითმა მკითხველმა ეს გააკეთოს, ინფორმაციაზე უარი თქვას, მაგრამ როდესაც პროფესიით ჟურნალისტი ხარ, ამას როგორ გინდა თავი აარიდო, არ ვიცი".


alt

დაღლის, შფოთვისა და "გადაწვის" განცდაზე საუბრობს ყველა, ვინც ბოლო ერთი წელია კოვიდის საკითხებს აშუქებს. ჟურნალისტების მძიმე ემოციურ ფონსა და დემოტივირებულობაზე საუბრობენ ქართველი გამომცემლებიც. სპეციალისტის დახმარებაზე კი ძალიან ცოტამ თუ იფიქრა.

"ტრენინგებიც კი გვაქვს გავლილი, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენი საქმიანობიდან გამოწვეულ სტრესს. ძირითადად, საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა მიმართო სპეციალისტს. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, არც კი მომსვლია აზრად. არამარტო ჟურნალისტურ წრეში, ზოგადად, საქართველოში იმის კულტურა არ არის, რომ სტრესის დროს სპეციალისტს მიმართო. ასე რომ, საკუთარ თავს ვეხმარებოდი", - ამბობს ზურა ვარდიაშვილი, ონლაინ გამოცემა "პუბლიკას" რედაქტორი.

"მთავარი არხის" ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, რომელიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ამზადებს გადაცემებს ვირუსზე, ამბობს, რომ მას ადამიანებთან ურთიერთობა დააკლდა: "მიგრძვნია, რომ ზღვარზე ვარ, ცუდად ვარ, გარეთ გასვლა და ადამიანებთან კონტაქტი მინდა… ყველასთვის ძალიან მძიმეა და მერე ეს ფსიქიკაზე როგორ აისახება, ჯერ კიდევ არ ვიცით".

alt


თაზო კუპრეიშვილის მსგავსად, მას სპეციალისტისთვის არ მიუმართავს, ეცადა გამოსავალი სხვა გზით ეპოვა: "ბავშვებთან მეტ დროს ვატარებ, მეტს ვკითხულობ. ვცდილობ, რომ სახლში გატარებული დრო უფრო სასიამოვნო და ეფექტური იყოს. მეხმარება ისიც, რომ ძალიან ვარ ჩაბმული საქმეში, მუდმივად დატვირთული გრაფიკი მაქვს. ჯერჯერობით ვუძლებ. რაღაცნაირად გადავიტანე მუშაობით და კითხვით".



 

ემოციურ სირთულეებს თან სდევს გაათმაგებული შრომა.

"პანდემიის დასაწყისში, შეიძლება ითქვას, რომ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდით. გაგვიათმაგდა შრომა, გარდა იმისა, რომ გაგვიათმაგდა სტრესი, რომელიც ჟურნალისტის საქმიანობას ისედაც თან ახლავს. ისედაც დაძაბული ხარ, მუდმივად საქმის კურსში ხარ, ინფორმაციულ გადაღლას გრძნობ და ამას ემატება ვირუსი, რომელზეც, უბრალოდ, არაფერი არ იცი", - ამბობს ზურა ვარდიაშვილი, რომლისთვისაც, ცხადია, მისი კოლეგების მსგავსად, ასევე წარმოუდგენელია დისტანცირდეს ამბებისგან, - “მე ახლა თავში ერთი დიდი კორიანტელი მაქვს პოლიტიკის, ეკონომიკის, კორონავირუსის და კიდევ ათასი ამბის…”



"ჟურნალისტიკისა და ტრავმის დართ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ბრიუს შაპიროს შეფასებით, პანდემიის გაშუქება ფსიქოლოგიური წნეხია, იმის გამოც, რომ ამბის შინაარსის გარდა, რეპორტიორებს გამოჯანმრთელებულებისა და მათი ოჯახის წევრებისგან ინტერვიუების აღება, მსხვერპლების გადაღება და მძიმე მონაცემების გაცნობა უწევთ.

ნინო თარხნიშვილისთვის განსაკუთრებით სტრესული სწორედ გარდაცვლილი ადამიანების ახლობლების მოსმენა და მათი ისტორიების წერა აღმოჩნდა:

"განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ჩემთვის მკვდრების თვლა. ჩვენ დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც ეხლაც გრძელდება, კოვიდით გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ვწერთ, მოკლედ. გადავწყვიტეთ, რომ ეს ადამიანები არ არიან უბრალოდ რიცხვები, მონაცემები და უბრალოდ სტატისტიკა და ამის მიღმა დგანან ადამიანები, თავიანთი ისტორიებით, ამბებით, გეგმებით, შეუსრულებელი მისიებით, ოცნებებით და ა.შ. ვუკავშირდებოდით მათ ახლობლებს და პირადად მე მიწევდა მათთან კომუნიკაცია. ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი კომპიუტერის ერთი ფოლდერი სავსეა ამ ხმებით, როგორ ტირიან რესპონდენტები, იხსენებენ თავიანთ ახლობლებს, ოჯახის წევრებს… მერე მე აქედან ვუხდი ბოდიშს, რომ კიდევ ერთხელ გავუახლე ეს ძალიან მძიმე ტკივილი, მერე ისინი მიხდიან ბოდიშს, რომ თავი ვერ შევიკავეთ, და მოკლედ, ძალიან რთულია ამ თემაზე მუშაობა…" 



"იმედის კვირის" ჟურნალისტის ელენე ცინცაძისთვის, ასეთი მძიმე და ემოციური ბოქსირებულ პალატაში შესვლა აღმოჩნდა:

"მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით ქცევის წესები. შევედით და რაც იქ ვნახეთ და გადავიღეთ, მართლა იყო რაღაც უცხო და შემაშფოთებელი ჩვენთვის და ძალიან დავისტრესეთ. ეს იყო პირველი სიუჟეტი, რაც კოვიდზე გავაკეთე... პანიკური შიში მქონდა ნებისმიერი გადაღების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წესებს ვიცავდი, მაინც მქონდა შიში, რომ ვირუსი დამემართებოდა".

 
და მთავარი, რაც ამ შფოთვებისა და სასოწარკვეთის ფონზე ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ, აუდიტორიისთის ინფორმაციის ამ განცდების გარეშე მიწოდებაა. ეს კიდევ ერთი, დამატებითი სტრესორია. ახლა ყველა მხოლოდ იმ დღეს ელოდება, როდესაც დაწერენ ბოლო ამბავს ვირუსზე, რომელიც დამარცხდა.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ