შიდა საკადრო ცვლილებები ტელეკომპანია “ფორმულაზე”
15.02.2021
დღეიდან, 15 თებერვლიდან ფორმულა NEWS-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ელისო ჯარიაშვილი და ვახო სანაია წაიყვანენ. ვახო სანაიამ ამ პოზიციაზე ლევან ლომინაძე ჩაანაცვლა, რომელიც დღეიდან დირექტორის მოადგილის პოსტს შეითავსებს.

“მე ტელეკომპანია “ფორმულაში” საქმიანობას სხვა სტატუსით განვაგრძობ. ელისოსთან ერთად კი მაყურებლების ინფორმირებულობის ტვირთს და პატივს ვახო სანაიას გადავცემ”, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა 12 თებერვალს მაყურებელს ლევან ლომინაძე.

“დღევანდელი დღის შემდეგ მისი ფუნქციები იზრდება და ის, რასაც ჩვენ ვეტყვით მაყურებელს, იმის მიღმა, ლევანი გააკეთებს ძალიან ბევრ საქმეს და ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ კარგად”, - თქვა ვახო სანაიამ.

“ფორმულას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ცინცაძე “მედიაჩეკერთან” ამბობს, რომ საინფორმაციო სამსახურის გუნდში, გარდა ტელეწამყვანის ცვლილებებისა, სხვა სიახლეები არ იგეგმება, ლევან ლომინაძე კი “უფრო საპასუხისმგებლო პოზიციაზე გადადის და დირექტორის მოადგილე იქნება ტექნიკურ დარგში”.

“ფორმულა NEWS” ყოველ სამუშაო დღეს, 20:00 საათზე გადის ეთერში. გარდა საინფორმაციო გამოშვებისა, ვახო სანაია მაუწყებელში პოლიტიკური ტოქშოუ “პოლიტმეტრის” წამყვანია ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად. “პოლიტმეტრი” მანამდე “TV პირველში” გადიოდა, თუმცა, 12 ივნისს ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა მაუწყებელი დატოვეს და ივლისიდან გადაცემა “ფორმულას” ეთერში გადის.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ