გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ პირს 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
19.02.2021
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ პირს 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ბრალდებული დამნაშავედ ცნო ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ ვასამბეგ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით 2016 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 11 მარტამდე პერიოდში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში ყალბ დოკუმენტებს იყენებდა.

"ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის 13 ივნისამდე პერიოდში იგი სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ პირადი ინფორმაციის მოპოვებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 შეგახსენებთ, 15 ივნისს ტელეკომპანია "ფორმულამ" და "მთავარი არხის" დირეექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს, სპეცოოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიამ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ