POSTV-ს ხელმძღვანელად ლაშა ნაცვლიშვილი ბრუნდება
21.02.2021
მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ამავდროულად, ტელეკომპანია POSTV-ს ყოფილი თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია, წერს,  რომ ისევ POSTV-ს ხელმძღვანელად ბრუნდება.

ნაცვლიშვილი ღიად ამბობს, რომ "ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტ პლატფორმიდან დაიბადა", მთავარ მიზნად ისახავს "მეტი შეუპოვრობით დაიცვას 2012 წლის ოქტომბრის მონაპოვარი.

"დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები "პოსტივის" ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელივიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტპლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!", - წერს ნაცვლიშვილი. 




"ტელეარხი POSTV პროსახელისუფლებოა და, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პარტიის პროპაგანდის იარაღია. მის ეთერში ფაქტობრივად არ გადის კრიტიკული რეპორტაჟები ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მისამართით. არხი მუდმივად დადებითად წარმოაჩენს „ქართულ ოცნებას“ და, ასევე, მუდმივად ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას", - ასეა შეფასებული POSTV 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიშში. 

POSTV 2017 წელს დაფუძნდა და იგი დაფუძნების დღიდან ღიად მუშაობდა ყოფილი ხელისუფლების, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მის ანტიპიარზე. ბოლო პერიოდში კი მისი აქტიური სამიზნეა ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებები: კერძოდ, POSTV-ის გუნდი აქტიურად აკრიტიკებს იმ ტელევიზიებს (ადრე, სამიზნე იყო “რუსთავი 2”, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ამ ტელევიზიაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ძირითადი სამიზნეა მთავარი არხი, ფორმულა და ტვ პირველი), რომლებიც აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ