“ნაციონალური მოძრაობის ამოსაკვეთად” POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
23.02.2021
პროსახელისუფლებო ტელეარხი "POSTV“, "ნაციონალური მოძრაობის ამოსაკვეთად", მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას მაუწყებლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ნაცვლიშვილი ავრცელებს.

“ჟურნალისტი, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეა და აქვს უპირობო ვალდებულება, გააკეთოს მკაფიო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები - განეიტრალდეს, რათა დამშვიდდეს ქვეყანა და ნორმალური, დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცეს. წილი ნაყარია! „POSTV“ ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება!”, - წერს ნაცვლიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში - ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც ამავდროულად, ტელეკომპანია POSTV-ს ყოფილი თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია, ორი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისევ POSTV-ს ხელმძღვანელად ბრუნდება. ნაცვლიშვილი წერდა, რომ "ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტ პლატფორმიდან დაიბადა", მთავარ მიზნად ისახავს "მეტი შეუპოვრობით დაიცვას 2012 წლის ოქტომბრის მონაპოვარი”. 

ამ თემაზე: POSTV-ს ხელმძღვანელად ლაშა ნაცვლიშვილი ბრუნდება
 
"ტელეარხი POSTV პროსახელისუფლებოა და, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პარტიის პროპაგანდის იარაღია. მის ეთერში ფაქტობრივად არ გადის კრიტიკული რეპორტაჟები ხელისუფლებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მისამართით. არხი მუდმივად დადებითად წარმოაჩენს „ქართულ ოცნებას“ და, ასევე, მუდმივად ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას", - ასეა შეფასებული POSTV 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიშში.

POSTV 2017 წელს დაფუძნდა და იგი დაფუძნების დღიდან ღიად მუშაობდა ყოფილი ხელისუფლების, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მის ანტიპიარზე. ბოლო პერიოდში კი მისი აქტიური სამიზნეა ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებები: კერძოდ, POSTV-ის გუნდი აქტიურად აკრიტიკებს იმ ტელევიზიებს (ადრე, სამიზნე იყო “რუსთავი 2”, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ამ ტელევიზიაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ძირითადი სამიზნეა მთავარი არხი, ფორმულა და ტვ პირველი), რომლებიც აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”.

იგივე მიზნით, 2018 წელს, არჩევნების მეორე ტურის წინ, მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა “იმედიც”. “ტელეკომპანია "იმედმა" და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ "იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი", - აცხადებდა მაუწყებელი.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ