"სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი" - ლომჯარია სანაიაზე თავდასხმაზე
25.02.2021
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა უკიდურესად შემაშფოთებელია და  ამ ტიპის ქმედებებზე სახელმწიფოს პასუხი მკაცრი უნდა იყოს.

"ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფალი შესაძლებლობა, მიუხედავად მისი შინაარსისა. თუკი ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი ქმედება ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები", - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

იგი ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს როგორც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლას, ისე პირის დევნას მისი სიტყვის, აზრის, საზოგადოებრივი ან პროფესიული მოღვაწეობის მიზეზით. პირის მიმართ დანაშაულის ჩადენა მისი შეხედულების გამო, დანაშაულის ზოგადი დამამძიმებელი გარემოებაა.

ლომჯარია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ეფექტური გამოძიება, იმსჯელოს სპეციფიკური შემადგენლობის გამოკვეთაზე და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა.


სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ბოლო პერიოდის საშიში ტენდენცია  - საჯარო მოხელეების მხრიდან აგრესიული რიტორიკის გამოყენება მედიის მისამართით, მთავარი აქცენტია სანაიაზე თავდასხმის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც. ქარტიაში ამბობენ, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე.  

 "ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქარტიამ გაავრცელა.

შეგახსენებთ, დღეს, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ