27.02.2021
მანიფესტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს.
“სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს”, - ვკითხულობთ მანიფესტის ტექსტში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებსა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მოუწოდეს:
- უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება
- შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები
- შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ
- შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი
- შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით
ვახო სანაიას მხარდამჭერ აქციას ქუთაისში და ბათუმში რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და მანიფესტს ხელი მოაწერეს. მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქცია და მანიფესტზე ხელმოწერა ტელეკომპანია “ფორმულას”, “TV პირველის”, “მთავარისა” და “კავკასიას” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.