„პლურალისტური, მაგრამ მიკერძოებული“- მედიაგარემო Freedom House-ის ანგარიშში
04.03.2021
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშში "თავისუფლება მსოფლიოში 2021" ქართული მედია გარემო "პლურალისტურად, მაგრამ მიკერძოებულადაა" შეფასებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებას ახდენს მედია გარემოზე, ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებსა და გადაწყვეტილებებზე. პოლიტიზება ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულადაა დაცული.

მედიალანდშაფტის აღწერისას ანგარიშში ნახსენებია საზოგადოებრივი მაუწყებელი, "რუსთავი 2", "მთავარი" და Facebook-ის მიერ ყალბი მედია ანგარიშების წაშლა. მედიაში მიმდინარე მოვლენების მოკლე მიმოხილვისას აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. ასევე ნახსენებია 2020 წლის მარტ-ივლისში "აჭარის ტელევიზიასა და რადიოში" მიმდინარე საკადრო ცვლილებები და თანამშრომლების გათავისუფლება, რასაც წინ "ქართული ოცნების" მიერ მაუწყებლის სარედაქციო პოზიციის კრიტიკა უძღოდა. Freedom House-ის პუბლიკაციაში ხაზგასმულია გათავისუფლებული თანამშრომლების მხრიდან მედიის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი და მოგვიანებით სამსახურში თანამშრომლების აღდგენა.

წლევანდელ ანგარიშში კიდევ ერთხელ მოხვდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი -ის" საქმეზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ "ტელეკომპანია გადაეცა ყოფილ მფლობელს, რომელიც "ქართული ოცნების მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი." ნახსენებია ისიც,რომ ახლადდანიშნულმა დირექტორმა გაათავისუფლა წამყვან პოზიციებზე მყოფი თანამშრომლები. არხზე დასაქმებულების დიდმა ნაწილმა კი ტელეკომპანია დატოვა და ახალ არხს "მთავარს" შეუერთდა, რომელმაც მაუწყებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო. მასალაში ხაზგასმულია, რომ "მთავარი" არხის დამფუძნებელი, გიორგი რურუა, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც პოლიტიკურად მოტივირებულად არის მიჩნეული.

მედიის ნაწილში საუბარია Facebook-ის მიერ 2019 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში შექმნილი იმ ასობით ქართული ანგარიშისა და გვერდის წაშლის შესახებ, რომლებიც თავს მედიასაშუალებებად და ახალი ამბების ორგანიზაციებად ასაღებდნენ. მათი კონტენტი კი პროსამთავრობო შინაარსის იყო. Facebook-მა ანგარიშები "ქართული ოცნების" ხელისუფლებასა და სარეკლამო სააგენტო „პანდას" დაუკავშირა. Freedom House-ის ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სოციალურ ქსელში არაავთენტური პროსახელისუფლებო აქტივობა ISFED-მა 2020 წლის მაისშიც გამოავლინა.

Freedom House-ის წლევანდელი ანგარიშის მიხედვით, საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალია" და 100-დან 60 ქულა აქვს მინიჭებული, რაც წინა წლის რეიტინგთან შედარებით ერთი ქულით ნაკლებია.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ