მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში შენობის მეორე სართულზე
აივნის ჩანგრევის შედეგად, დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები,
რომლებიც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ. პირველადი
ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან: "მთავარი არხის" "ტვ
პირველის", "პოსტვ-ის", "რუსთავი 2-სა" და "ფორმულას" გადამღები
ჯგუფები.
"ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის
ინფორმაციით, დაშავდნენ არხის სამეგრელოს ბიუროს ოპერატორი ალეკო
ხაზალია და ჟურნალისტი პაპუნა შუშანია. "ტვ პირველის" ინფორმაციით, დაშავებულებს მოტეხილობები
არ აქვთ, მათ დაჟეჟილობები და თავის მსუბუქი ტრავმები
აღენიშნებათ.
ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, შემთხვევის
ადგილზე დაშავდა მათი ოპერატორი იაგო ვეკუა, რომელიც საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
"მთავარის არხის" ინფორმაციით, რომ ადგილზე მუშაობისას მათ ჟურნალისტს ემა გოგოხიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელდა ვიდეოკადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ სასულიერო პირები ცდილობენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელი შეუშალონ.
სასწრაფო დახმარების სამსახურში "მედიაჩეკერს" განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად ხუთი პირი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, ხუთივე დაშავებული მარტვილის ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები არ აღენიშნებათ.
გადამღები ჯგუფები ჭყონდიდში სასულიერო პირებს შორის არსებულ
დაპირისპირებასა და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიაში
მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებას მოჰყვა. მიტროპოლიტმა ეპარქიის
ორ სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების
მოტივად სახელდება ის, რომ ისინი პეტრე ცაავას მხარდამჭერები
არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა დახურული იყო. შემთხვევა კი მაშინ
მოხდა, როდესაც შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ
ხალხს მიაწვნენ.
დეტალების დაზუსტება "მედიაჩეკერმა" საპატრიარქოს პრესცენტრში სცადა. ანდრია ჯაღმაიძემ კი განგვიცხადა, რომ მომხდარის შესახებ მანაც მედიით შეიტყო და მხოლოდ ის იცის, რაც საჯაროდ გავრცელდა.
მასალა პერიოდულად ახლდება.