ჭყონდიდის ეპარქიაში გადამღები ჯგუფების დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
08.03.2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში აივნის მოაჯირის გადავარდნის ფაქტზე, რის შედეგადაც ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო. 

როგორც ამავე უწყებაში "მედიაჩეკერს" განუცხადეს, მათი ინფორმაციით, ყველა დაშავებული, საუბარია 4, ან 5 ადამიანზე, მედიის წარმომადგენელია. 

შეგახსენებთ, დღეს, 8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, შენობის მეორე სართულზე აივნის ჩანგრევის შედეგად ჟურნალისტები და ოპერატორები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გაცვივდნენ და დაშავდნენ. დაშავებულებს შორის არიან:  "ტვ პირველის" ოპერატორი და ჟურნალისტი: ალეკო ხაზალია და პაპუნა შუშანია, "რუსთავი 2-ის" ოპერატორი დავით კონჯარია, "ფორმულას" ოპერატორი იაგო ვეკუა და “პოსტვ-ის” ჟურნალისტი იოსებ ხოფერია. ყველა დაშავებულს ამ დროისათვის გამოკვლევები უტარდება. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.

ამავე დღეს მუშაობაში ხელი შეუშალეს და აგრესიულად ექცეოდნენ "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. გავრცელდა ვიდეოკადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ სასულიერო პირები ცდილობენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელი შეუშალონ. 

 

გადამღები ჯგუფები ჭყონდიდში სასულიერო პირებს შორის არსებულ დაპირისპირებასა და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებას მოჰყვა. მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ სასულიერო პირს  მღვდელმსახურება შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების მოტივად სახელდება ის, რომ ისინი პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. 
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა დახურული იყო. შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ.


მასალაში გამოყენებულია სოციალურ ქსელში ბერდია კალანდიას მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ