ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დანაშულის ნიშნებს შეიცავს - მედიაკოალიცია
08.03.2021
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" წევრი ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ შეისწავლოს მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები.  

კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეპარქიაში მომხდარი შემთხვევა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

"დღეს, 2021 წლის 08 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებულებს შორის არიან “TV პირველის” ოპერატორი ალეკო ხაზალია და ჟურნალისტი პაპუნა შუშანია. ჩვენთვის ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს ასევე აღენიშნებათ სხეულის დაზიანებები და ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. 
 
ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიასთან ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას მოჰყვა.  
 
გარდა სხეულის დაზიანებისა, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში,

მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, შენობის მეორე სართულზე აივნის ჩანგრევის შედეგად ჟურნალისტები და ოპერატორები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გაცვივდნენ და დაშავდნენ. 
 
დაშავებულებს შორის არიან:  "ტვ პირველის" ოპერატორი და ჟურნალისტი: ალეკო ხაზალია და პაპუნა შუშანია, "რუსთავი 2-ის" ოპერატორი დავით კონჯარია და "ფორმულას" ოპერატორი იაგო ვეკუა. ყველა დაშავებულს ამ დროისათვის გამოკვლევები უტარდება. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.
 
ამავე დღეს მუშაობაში ხელი შეუშალეს და აგრესიულად ექცეოდნენ "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. გავრცელდა ვიდეოკადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ სასულიერო პირები ცდილობენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელი შეუშალონ. 
 
გადამღები ჯგუფები ჭყონდიდში სასულიერო პირებს შორის არსებულ დაპირისპირებასა და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებას მოჰყვა. მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ სასულიერო პირს  მღვდელმსახურება შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების მოტივად სახელდება ის, რომ ისინი პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. 
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა დახურული იყო. შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ