საპატრიარქო - ჟურნალისტები ძალმომრეობით შეიჭრნენ საეპისკოპოსო რეზიდენციაში
09.03.2021
“ჟურნალისტები, გაფრთხილების მიუხედავად, ძალმომრეობით შეიჭრნენ საეპისკოპოსო რეზიდენციაში, რასაც მოჰყვა აივნის მოაჯირის მორღვევა და ხუთი ადამიანის დაშავება”, - ასე აფასებს საქართველოს საპატრიარქო გუშინ, 8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც მედიის 5 წარმოამდგენელი მეორე სართულის აივნიდან გადავარდა და დაშავდა.

ოფიციალური განცხადება მომხდარზე საპატრიარქომ დღეს, 9 მარტს გამოაქვეყნა.

ამ განცხადებაში საპატრიარქო ამბობს, რომ “ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ეს შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიის და, საერთოდ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ”. ჟურნალისტებთან დაკავშირებით ამ განცხადებაში სხვა არაფერია ნათქვამი, მხოლოდ, ფრჩხილებში მითითებულია, რომ საპატრიარქო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილების გამო დაწყებული დაპირისპირების გაშუქებისას, შენობის მეორე სართულზე აივნის ჩანგრევის შედეგად, ჟურნალისტები და ოპერატორები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გაცვივდნენ და დაშავდნენ. ამავე დღეს მუშაობაში ხელი შეუშალეს და აგრესიულად ექცეოდნენ "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას.

გადამღები ჯგუფები ჭყონდიდში სასულიერო პირებს შორის არსებულ დაპირისპირებასა და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებას მოჰყვა. მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების მოტივად სახელდება ის, რომ ისინი პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა დახურული იყო. შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ