‘იმედი’ - 39%, ‘რუსთავი 2’ - 17%, ‘მთავარი არხი’ - 15% - სარეკლამო შემოსავლების გადანაწილება 2020 წელს
10.03.2021
გასულ, 2020 წელს მაუწყებლებს სარეკლამო შემოსავლების 11%-იანი მატება აქვთ, თუმცა, პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე. კომერციული შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 9%-ითაა შემცირებული.

აღნიშნული მონაცემები კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა. კომისიის ინფორმაციით, გასულ წელს მაუწყებლებში სარეკლამო შემოსავლებმა 75,2 მილიონამდე ლარი შეადგინა. აქედან თანხის ყველაზე მეტი - 39% ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო. “იმედს” 17%-ით მოსდევს „რუსთავი 2“ და 15%-ით - „მთავარი არხი“. დანარჩენ მაუწყებლებზე კი, სარეკლამო შემოსავალი შემდეგნაირად გადანაწილდა: „ტელეკომპანია პირველი“ - 8%, GDS - 4%, „ფორმულა“ - 3%, „პოსტვ“- 2%, სხვა მაუწყებლები - 12%.

კომისიის ინფორმაციით, 2020 წლის სატელევიზიო შემოსავლები გასულ წელთან შედარებით 7,6 მილიონი ლარით გაიზარდა, რაზეც გავლენა პოლიტიკურმა რეკლამებმა იქონია. წლის განმავლობაში კომერციული რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლები შეადგინა, თუმცა, მაუწყებლებს ჯამურად სარეკლამო შემოსავლებში 11%-იანი მატება აქვთ და აქედან 13,9 მილიონი ლარი ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა.

“რაც შეეხება მხოლოდ კომერციულ რეკლამას, 2020 წლის დინამიკა კვარტლების მიხედვით ასეთია: პირველ კვარტალში მაუწყებლებმა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი შემოსავალი მიიღეს, მეორე კვარტალში კი 39% კლება დაფიქსირდა, მესამე კვარტალში დინამიკა შეიცვალა და მაუწყებლებს 7%-იანი მატება ჰქონდათ, ხოლო მეოთხე კვარტალში 3%-იანი - კლება. ჯამურად წლის ჭრილში კომერციული რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლები შეადგინა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლების კლება, პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა დააბალანსა”, - ნათქვამია კომისიის მირ განვრცელებულ ინფორმაციაში.

კომერციული რეკლამის კლებას კომუნიკაციების კომისია პანდემიის ფაქტორით ხსნის და აცხადებს, რომ შემოსავლების ყველაზე დიდი კლება 2020 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა: “გასათვალისწინებელია, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში მასშტაბური შეზღუდვები დაწესდა და ყველა სფერო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, მათ შორის როგორც რეკლამის დამკვეთები, ისე მაუწყებლები. ახალ რეალობასა და გამოწვევებზე გადაწყობას გარკვეული დრო დასჭირდა, მესამე კვარტალში კი როგორც ამას კომისია ვარაუდობდა, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა და 7%-იანი მატება დაფიქსირდა.”

კომისიის ინფორმაციით, კომერციული სარეკლამო შემოსავლების ჯამური კლება დიდწილად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის - “რუსთავი 2-ს” - 9,3 მილიონიანი კლება ჰქონდა, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს - 0,344 მილიონიანი.

უფრო ზუსტად, 2020 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხები მაუწყებლების მიხედვით ასეთია:

  • „იმედმა“ სარეკლამო შემოსავლებიდან 29 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც 3,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია.
  • „რუსთავი 2-მა" -12,8 მილიონის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 2,1 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამა იყო.
  • „მთავარმა არხმა“ 11,1 მილიონი ლარი სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 4,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია.
  • “ტვ პირველმა“ 6,2 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 1,9 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა.
  • „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ 2,8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0,5 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია.
  • „ფორმულამ“ 2,3 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც პოლიტიკურმა რეკლამამ 0,4 მილიონი ლარი შეადგინა.
  • „პოსტვ-მ” ჯამში 1,6 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0,3 პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხებია.
  • საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 1,1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია.

წინა წელთან შედარებით, 23%-ით შემცირდა რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი და ჯამში 6,8 მილიონი ლარი შეადგინა. კომისიის განცხადებით, რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების კლებაც დიდწილად პანდემიას უკავშირდება.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ