'მსუსხავი ეფექტი შესაძლო დანაშაულების გაშუქების ფაქტებზე' - DRI 'TV პირველში' საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე
11.03.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით,  ტელეკომპანია პირველში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად შეზღუდავს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას.

ორგანიზაციის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შემაშფოთებელია გენერალური პროკურატურის მიერ TV პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევის მუხლით და საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მაშინ როდესაც სრულიად უგულებელყოფილია გავრცელებულ ჩანაწერებში მაღალი პოლიტიკური გავლენის მქონე პირთა მიერ სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები: "რაც აღრმავებს საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით მოქმედების თაობაზე".


"განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინება გაცემულია არა 2021 წლის 6 მარტს, გადაცემაში გასული ინფორმაციის ამოღების თაობაზე, არამედ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემულ (გაგზავნილ) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობისა და აღნიშნული მოწყობილობის გადასაგზავნად გამოყენებულ კონვერტზე (ან სხვაგვარ შეფუთვაზე). 

აღნიშნული ფორმულირება, საქმის კვალიფიკაციასთან ერთად, ბადებს ეჭვს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონფიდენციალური წყაროს ვინაობის დადგენის მიზანი ამოძრავებს. ეს მსუსხავ ეფექტს იქონიებს სამომავლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გაშუქების ფაქტებზე", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

DRI აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულია ჟურნალისტის უფლება, არ გასცეს საკუთარი წყაროს ვინაობა. ჟურნალისტს ასევე არ ეკისრება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოწმედ გამოცხადებისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, დაცულია არა მარტო ანონიმური წყარო, რომელიც ეხმარება პრესას საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე ხალხის ინფორმირებაში, არამედ აღნიშნული ინფორმაციის მომპოვებელი/გამავრცელებელი ჟურნალისტიც. 

"ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განჩინება არის დაუსაბუთებელი, და იქონიებს მნიშვნელოვან მსუსხავ ეფექტს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გაშუქების ფაქტებზე", - აცხადებენ ორგანიზაციაში.


 
შეგახსენებთ, 10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს. ტელევიზიაში ამბობენ, რომ პროკურატურა იმ კონვერტს ითხოვს, რითაც მეხსიერების ბარათი მიიღეს, ეს კი ნიშნავს, რომ მათ წყაროზე გასვლა სურთ. მაუწყებელში კითხვები ჩნდება იმ ფაქტის გამოც, რომ მათ მასალების მიწოდების შესახებ წერილი არ მიუღიათ, მოსამართლემ პირდაპირ პროკურატურას მისცა მასალების ამოთების უფლება, რაც ირიბად, ტელევიზიაში ჩხრეკის ჩატარებას ნიშნავს.
 
საქართველოს პროკურატურამ, TV პირველის მიერ 6 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით, გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე 9 მარტს დაიწყო.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ