ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფაზე შსს-მ ძიება დაიწყო
11.03.2021
"ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის სავარაუდო ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გამოძიება.

ნოდარ მელაძის განცხადბით, გამოძიება ამ საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მან ამ თემაზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ აინტერესებდა, "მედიით" გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, დაინტერესდა თუ არა ამ საქმით სამართალდამცავი უწყება. მისივე თქმით, მას და მაკა ჩიხლაძეს უწყებამ სახელმწიფო დაცვა შესთავაზა.

"პირველ საათზე მქონდა პირდაპირი ჩართვა თეა ადეიშვილთან, სადაც საჯაროდ დავსვი კითხვა: როდესაც მედიით ხდება ტირაჟირება ამბის, რომ იგეგმება ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფა, მანამდე 11-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ვთქვი, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და მოახდინოს რეაგირება, თუ იცის, რომ ვინმე საფრთხეში არის. ამის შემდეგ მიკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამბობს, რომ ჩემი და მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტზე დაწყებული არის გამოძიება და მთავაზობენ, რომ ჩავერთო მოწმეთა დაცვის პროგრამაში, ანუ სახელმწიფომ გამომიყოს დაცვა ჩემი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, — განაცხადა ნოდარ მელაძემ TV პირველზე 11 მარტს.

10 მარტს, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელ ჟურნალისტებზეა საუბარი, მამალაძე ამბობს, რომ ის ნოდარ მელაძეს და მაკა ჩიხლაძეს გულისხმობს.



 ნოდარ მელაძე ფიქრობს, რომ ეს განცხადება და მისი გავრცელება ხელისუფლებასთან აფილირებული მედიით, შემთხვევითი არ არის და მას აქვს განცდა, რომ ეს  ერთგვარი ნიადაგის მომზადება იყო.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ