"TV პირველის" საქმე, როგორც საშიში პრეცენდენტი
12.03.2021
სასამართლოს საშიში განჩინება, რომელიც ერთდროულად ბევრ გზავნილს შეიცავს და ღიად ამხელს ხელისუფლების სურვილს ყველა შესაძლო საშუალებით შეზღუდოს და დააშინოს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია და ტელევიზია, რომელიც ფიქრობს, რომ შესაძლოა სპეცოპერაციის სამიზნე გახდეს - "TV პირველიდან" მასალების ამოღების საქმე, რომელიც ფასდება, როგორც ძალიან მძიმე პრეცენდენტი, გამოხატვის თავისუფლების მოქმედი სტანდარტის დანგრევის მცდელობა და მსუსხავი ეფექტი კრიტიკული მედიისთვის.

"TV პირველთან" დაკავშირებული საქმის მთავარი დეტალები.

სასამართლოს განჩინება
 
"ტელეკომპანია პირველში", რომელიც ფასდება, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკული არხი, დევს სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც, საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შევიდნენ მაუწყებელში და მასალები ამოიღონ. ამ დოკუმენტის საფუძველზე პროკურატურას მაუწყებლიდან იმ მასალების ამოღება სურს, რომელიც არხზე განჩინების გამოცემიდან რამდენიმე დღით ადრე გავიდა და რომელიც ასახავდა ბიძინა ივანიშვილის შვილისა და ამჟამინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბარს არასრულწლოვნების სადამსჯელო ღონისძიებებზე.

შეშფოთებას განჩინების რამდენიმე დეტალი იწვევს:

პროკურატურას არ მიუმართავს "TV პირველისთვის" მასალების გადაცემის თაობაზე, როგორც ეს სტანდარტულად ხდება ხოლმე, როდესაც საგამოძიებო უწყება მედიაში გასული რეპორტაჟით ინტერესდება. 10 მარტს "TV პირველმა" პირდაპირ სასამართლოს განჩინება მიიღო, რომელმაც პროკურატურას უფლება მისცა ტელევიზიიდან მასალები ამოიღოს, ანუ, პროკურატურამ პირდაპირ სასამართლოს მიმართა.

"სასამართლოსთვის მიმართვა უნდა ყოფილიყო უკანასკნელი ღონისძიება. ეს განჩინება (სასამართლოსი) ბოლომდე კანონთან შესაბამისი არაა. სასამართლოს და პროკურატურის მოქმედება პრობლემურია", – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი "პუბლიკასთან" საუბარში.

შეშფოთებას იწვევს განჩინების ორი ჩანაწერიც - ერთი, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურა ტელეკომპანიისგან მოითხოვს რეპორტაჟში მითითებული, კონფიდენციალური წყაროს მიერ არხისთვის გადაცემულ კონვერტს (ან სხვაგვარ შეფუთვას), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. და მეორე - სადაც ნათქვამია, რომ "საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს პროპორციული ძალა". ამ ორ ჩანაწერში იკითხება, რომ საგამოძიებო ორგანოს ინტერესი არა ჩანაწერების შინაარსი, არამედ წყაროა და ასევე, მას შეუძლია მაუწყებელში შეიჭრას და ჩხრეკა ჩაატაროს.

ტელევიზიაში ეს აღიქვეს როგორც ომის გამოცხადება, "მაუწყებელში საბუთებით შეჭრა".

"ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა?", - დაწერა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ, რომელმაც შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზეც თქვა, რომ ამ ომისთვის მზად არიან და არხის დათმობას არ აპირებენ.

მესამე სექტორისა და ომბუდსმენის მწვავე კრიტიკა
 

სასამართლოს განჩინებას მესამე სექტორის, იურისტების, სახალხო დამცველის, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა და განცხადებები მოჰყვა. მესამე სექტორმა ამ განჩინებაში რამდენიმე საფრთხე დაინახა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ "თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება არის დაუსაბუთებელი როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე - ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს მძიმე პრეცედენტს, რომლის აღსრულებამ შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება".

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" წევრმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ შეიქმნა საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ. დემოკრატიის ინდექსის შეფასებით, ეს განაჩენი არღვევს სიტყვის თავისუფლებას და არის საფრთხე დემოკრატიისთვის. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კი ხაზი გაუსვა, რომ ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაუსაბუთებელია და ანონიმური წყაროს ვინაობის დადგენა, რაც პროკურატურის მიზანში იკითხება, მსუსხავ ეფექტს იქონიებს სამომავლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშალების გაშუქების საქმეებზე.

საშიშ პრეცენდენტად შეაფასა განჩინება "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც" და თქვა, რომ იგი "ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს".

დღის ბოლოს კიდევ ერთი განცხადება ოპოზიციის სახელით გავრცელდა და ამ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, სრულიად უკანონო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით შეიჭრას ტელევიზიაში, მოსთხოვოს მას მამხილებლის პიროვნების გათქმა, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი".

მთელი დღის განმავლობაში ისმოდა განცხადებები იმის შესახებაც, რომ წყაროს კონფიდენციალობა არის დაცული და ჟურნალისტებს აქვთ უფლება პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაცია, წყაროები დაიცვან.

“კანონი არ ტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას. ის პირდაპირ ამბობს ,რომ წყარო არის დაცული. აი, მაგალითად, პირდაპირ წერია, რომ პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება მოითხოვოს მისი გამხელა. იქვე არის ჩანაწერი, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება", - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ზვიად ქორიძე "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში.

TV პირველის ჟურნალისტები: "TV პირველს ვერ გამორთავთ"
 
11 მარტს, მას შემდეგ, რაც განჩინება გაასაჯაროეს, არხის დამფუძნებელმა და ჟურნალისტებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ ზეწოლას ელოდნენ, მაგრამ, არხის დათმობას არ აპირებენ და "TV პირველს" ვერ დახურავენ".

“გავლილი გვაქვს ყველაფერი, ვართ ძალიან გამოწრთობილი თაობა, ამ ბრძოლისთვის რომ ვიყოთ მზად და გაძლევთ პირობას, არ დავთმობთ არც ერთი წამით ამ ტელევიზიას, რომელიც ამ ხელებით გვაქვს აშენებული”, - თქვა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ და ხელისუფლებას მოუწოდა, ნუ გაიმეორებს წინამორბედის შეცდომებს.

"ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ”, - ამ ფრაზით, ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართა სწრაფი რეაქცია გამოიჩინონ მომხდარზე.

პროკურატურისა და სასამართლოს გვიანი განმარტებები
 
მას შემდეგ, რაც განჩინებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ჯერ პროკურატურამ, უფრო გვიან, დღის ბოლოს, კი თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე დამატებითი განმარტებები გამოაქვეყნეს.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ტელევიზიაში შეჭრას არ აპირებენ და ასევე, ტელევიზიას უფლება აქვს არ გადასცეს მასალები. პროკურატურამ ამ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ "TV პირველი" თავად მიიტანს მასალებს საგამოძიებო უწყებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი თქვა, რომ განჩინებაში არსებული ჩანაწერი წინააღმდეგობის შემთხვევაში იძულების პროპორციული ზომის შესახებ იყო მასალების ამოღების სტანდარტული ფორმა და "TV პირველის" მიმართ განსხვავებული წესი არ გამოუყენებიათ.

რას აპირებს "TV პირველი"
 
გიორგი მშვენიერაძე, რომელიც “TV პირველის” ინტერესებს იცავს მასალის ამოღების საქმეში, აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ, რადგან, ვიდრე ეს განჩინება ძალაში ექნება, პროკურატურას ექნება საშუალება, ნებისმიერ დროს შევიდეს ტელევიზიაში იმ ნივთის ამოსაღებად, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს.

“დღეს დავიწყეთ აქტიურად მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკანონო და არაკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ ჩაბარდა "TV პირველს", გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, პირველ რიგში”, - ამბობს მშვენიერაძე და აზუსტებს, რომ არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი, მაგრამ ამის მიუხედავად, გასაჩივრებას ჯერ ქვეყნის შიგნით შეეცდებიან და თუ ეს არ იქნება საკმარისი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვასაც განიხილავენ, დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ადვოკატის თქმით, ტელევიზია აცხადებს მზადყოფნას, თუ გამოძიება დაინტერესდება, გადასცეს მას აუდიო ფაილი, სადაც მოცემულია ჩანაწერი, მაგრამ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ტელევიზიაში არ არსებობს ის დოკუმენტი თუ მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება, - “და რომ არსებობდეს ტელევიზია მის გადაცემაზე მაინც უარს განაცხადებდა”.

________________________________________

შეგახსენებთ, 10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს.

საქართველოს პროკურატურამ ეს მასალები იმ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა, რომელიც უწყებამ 9 მარტს დაიწყო, "TV პირველზე" გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. უწყება ამ საქმეს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების კუთხით იძიებს.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ