ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში "ტელეკომპანია
პირველის" საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ
ისინი ყურადღებით აკვირდებიან ტელევიზიის გარშემო განვითარებულ
მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს
შორის ურთიერთობას.
"ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის
უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის
თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან
თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან
დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის
შესაბამისად.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და
თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა
მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად
გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი
დევნის გზით", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, 10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია
პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ
ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს.
ტელევიზიაში ამბობენ, რომ პროკურატურა იმ კონვერტს ითხოვს, რითაც
მეხსიერების ბარათი მიიღეს, ეს კი ნიშნავს, რომ მათ წყაროზე გასვლა
სურთ. მაუწყებელში კითხვები ჩნდება იმ ფაქტის გამოც, რომ მათ
მასალების მიწოდების შესახებ წერილი არ მიუღიათ, მოსამართლემ პირდაპირ
პროკურატურას მისცა მასალების ამოთების უფლება, რაც ირიბად,
ტელევიზიაში ჩხრეკის ჩატარებას ნიშნავს.
სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც დღეს "TV პირველის" დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა გამართეს, ტელევიზიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართა სწრაფად ირეაგირონ მომხდარზე:
"ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება. დღეს უკვე სასამართლო დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას დღეს შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია პირველში. ეს არის ხელისუფლების, ქართული ოცნების დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტვ პირველი აღარ იყოს ამ ქვეყანაში და აღარ იმაუწყებლოს”, - განაცხადა წერეთელმა.
გიორგი მშვენიერაძე, რომელიც “TV პირველის” ინტერესებს იცავს მასალის ამოღების საქმეში, აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ, რადგან, ვიდრე ეს განჩინება ძალაში ექნება, პროკურატურას ექნება საშუალება, ნებისმიერ დროს შევიდეს ტეელვიზიაში იმ ნივთის ამოსაღებად, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. და იქვე ხაზს უსვამს, რომ ეს ნივთი რომც არსებობდეს, მის გადაცემაზე ტელევიზია მაინც უარს განაცხადებდა.
მომხდარს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ორგანიზაციების შეფასებით, სასამართლოს განჩინება ბევრი კუთხით არის პრობლემური. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, ეს განჩინება საშიში პრეცენდენტია. იგი ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს. ეს განჩინება მძიმე და საშიშ პრეცენდენტად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისი განცხადებით, განჩინება დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს. მედიაკოლიციამ თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ არსებობს საფრთხე მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ.