შსს აპირებს ‘ფორმულას’ უჩივლოს - რატომ აღიქმება უწყების განცხადება მედიაზე ზეწოლის მცდელობად
16.03.2021
შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს სამართლებრივად ირეაგიროს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტებზე, რომლებიც პოლიციას კომენდანტის საათის დროს სექსმუშაკების მფარველობაში ამხელს. რა იგულისხმება სამართლებრივ რეაგირებაში, ჯერჯერობით უცნობია, რადგან საჩივარი ჯერ არ არსებობს, თუმცა, ბოლო პერიოდის ტენდენციების ფონზე, მედიაწრეებში უწყების ეს ღია განცხადება უკვე აღიქვეს, როგორც კრიტიკული მედიის დაშინების მცდელობა.

სადავო სიუჟეტები გადაცემა “შაბათის ფორმულაში” 23, 30 იანვარს და 13 მარტს გავიდა. რეპორტაჟების თანახმად, შსს-ს მაღალჩინოსნები სექსმუშაკებს კომენდანტის საათის დროს “ესკორტად ემსახურებიან”. ბოლო სიუჟეტში, რასაც შსს-ს განცხადება მოჰყვა, “ფორმულა” ამტკიცებს, რომ რამდენიმედღიანი დაკვირვებით გაარკვიეს, რომ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილე მართავს იმ ავტომობილს, რომელმაც სექსმუშაკი სუტინიორთან ერთად კომენდანტის საათის დროს კონკრეტულ მისამართზე მიაცილა.

უწყებაში “ფორმულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ მაუწყებელი მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, რათა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანოს და პოლიციის მიმართ ნდობა შესუსტდეს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა გზით აპირებენ “ფორმულას” წინააღმდეგ დავას, და დღესაც იგივეს ამბობენ, რასაც რამდენიმე დღის წინ, რომ “შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია ფორმულას მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს”.

გადაცემის წამყვანი დავით ქაშიაშვილი ამბობს, რომ უწყებიდან მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს და, გავრცელებული საჯარო განცხადების გარდა, ამ ეტაპზე არაფერი იციან. ტელეკომპანიას სამართლებრივი დაცვა “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” (GDI) უკვე შესთავაზა. დეტალები ჯერჯერობით არც ორგანიზაციაში იციან, თუმცა ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოში დაიცვან მაუწყებლის ინტერესები.

მედიის საკითხებზე მომუშავე იურისტებს წინასწარ საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ სარჩელის გაცნობის შემდეგ გააკეთებენ კონკრეტულ შეფასებებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს განცხადებაში სასამართლოზე იყო აქცენტი გაკეთებული, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონმდებლობით არ აქვს იმის უფლება, რომ სასამართლოში იჩივლოს:

“შსს თვითონ ვერ იჩივლებს პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში. ადმინისტრაციულ ორგანოს სარჩელი ცილისწამებასთან დაკავშირებით არ დაიშვება და კანონში პირდაპირ წერია, რომ ვერ შეიტანს ადმინისტრაციული ორგანო სარჩელს”.

მისივე თქმით, თავად პოლიციელებს შეუძლიათ იჩივლონ და სამოქალაქო დავა დაიწყონ მაუწყებლის წინააღმდეგ, თუმცა, არც ამ შემთხვევაში აქვს სამინისტროს დავაში ჩართვის უფლება:

“მეორე ვარიანტია, რომ შეიძლება თვითონ პოლიციელებმა იჩივლონ, მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი სამოქალაქო დავა და მე ვერ წარმომიდგენია და გაუგებარია, აქ შსს-მ რანაირად შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. შსს ვერ ჩაერთვება ამ საქმეში და არ შეიძლება დაინტერესებული იყოს სამოქალაქო დავაში რაიმე ფორმით, ეს წარმოუდგენელია”.

“საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი, რომელიც წლებია მუშაობს მაუწყებელთა თვითრეგულირების საკითხებზე, ამბობს, რომ თუ შსს სასამართლოს გზას აირჩევს, ეს მისთვის უარესი იქნება:

“ინსტიტუციას რისი უფლებაც არ აქვს კანონით, თუ იმას აკეტებს გვერდის ავლით და აწერინებს თავის თანამშრომლებს საჩივრებს და ასე წავა სასამართლოში, ეს კიდევ უფრო უარესი პრაქტიკა იქნება იმის, რომ თავისი ე.წ. რეპუტაცია აღიდგინოს. ეს ნიშნავს, რომ უწყება პოულობს კანონში ხვრელს. ზოგადად, პრობლემა გვაქვს კანონის არასწორ ინტერპრეტაციებში ან ხვრელების პოვნაში, რომ სათავისოდ, ანუ, ცუდი გაგებით, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის გამოიყენონ”.

ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ როდესაც მაუწყებელთან არსებობს შინაარსთან დაკავშირებული პრეტენზია, ჩვენი კანონმდებლობით ყველაზე სწორი გზა თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვაა:

“ჩვენი კანონმდებლობით, ყველაზე სწორი და ნათელი გზა არის ის, რომ მან მიმართოს “ფორმულას” თვითრეგულირებას და იმსჯელოს ჟურნალისტებთან ერთად, რა არის დარღვევა და რა არა. ამ პრაქტიკას, ამ მექანიზმებს, პირველ რიგში, ვინც დაწერა ეს კანონები და ვინც აღსრულებაზეა ვალდებული, ისინი არ იყენებენ. მერე იოლად ლაპარაკობენ, რომ არ მუშაობს ეს მექანიზმები, მაგრამ როგორ იმუშავებს, როცა სამართლიან მოწყობაზე პასუხისმგებელი უწყება არ იყენებს თვითონ ამ მექანიზმებს. თუ გადააბიჯებს თვითრეგულირებას და წავა სასამართლოში და იქ დაიწყებს დავას, ეს იქნება არასამართლებრივი ნაბიჯი და მაშინ მან უნდა დაასაბუთოს, რატო გამოტოვა თვითრეგულირების გზა და რატომ წავიდა პირდაპირ სასამართლოში”.

ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მედიასთან ბრძოლის ერთგვარი პრაქტიკა ჩამოყალიბდა. მისი შეფასებით, უწყება ცდილობს, ამჯერადაც მედიაზე გადაიტანოს ყურადღება, ბოლო პერიოდის მაგალითებს იხსენებს და “ტვ პირველის” საქმესთან ავლებს პარალელს, როდესაც სასამართლომ გამოძიება არა მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში გაჟღერებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე, არამედ კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების კუთხით დაიწყო.

“ზოგადად, მიდგომასავით ჩამოყალიბდა, “ტვ პირველთან” მიმართებითაც რაც მოხდა, შინაარსზე კი არ გაამახვილეს ყურადღება, არამედ - ფორმაზე, აქაც იგივე ხდება დაახლოებით. საკითხთან მიმართებით კი არ იწყებენ მოკვლევას (ყოველშემთხვევაში, საზოგადოებისთვის ამის შესახებ ინფორმაცია არ მიუწვდიათ), არამედ საუბარია იმაზე, რომ ფორმასთან მიმართებით ხდება კონცენტრირება და არა შინაარსთან. შსს ცდილობს, მედიაზე გადაიტანოს ყურადღება. აქ კონკრეტულად x და y პოლიციელი კი არ არის მნიშვნელოვანი, თუ რომელმა მიაცილა, აქ მთავარია ის, რომ პოლიცია მონაწილეობდა თუ არა ამ საქმეში და ეს საკითხი უნდა მოეკვლიათ და საზოგადოების ინფორმირება მოეხდინათ. ნაცვლად ამისა, მედიაზე გადააქვთ აქცენტი, რომ მედია აკეთებს რაღაცას არასწორად.”

ნათია კუპრაშვილიც იმავეზე საუბრობს და ამბობს, რომ “ბოლო პერიოდში, ასეთი პრაქტიკა აქვთ, რომ თავდასხმა ყველაზე კარგი თავდაცვააო, მისდევენ თავდასხმის პოლიტიკას და ამით ცდილობენ გადაირჩინონ თავი და დაფარონ დანაშაული”.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ