რუსთავი 2 და Prime Time ერთი ჰოლდინგი ხდება - ‘გვინდა, რომ პირველობა დავიბრუნოთ’
17.03.2021
ტელეკომპანია "რუსთავი 2" და გამოცემა Prime Time ერთ ჰოლდინგად ყალიბდება. როგორც პაატა სალია ამბობს, გაერთიანების მიზანი არხის საეთერო ბადის გამრავალფეროვნება და მედიაბაზარზე ლიდერობის დაბრუნებაა.

როგორც “რუსთავი 2-ის” დირექტორი პაატა სალია “მედიაჩეკერთან” განმარტავს, გაერთიანების იდეა “პრაიმტაიმის” ერთ-ერთი მფლობელს თაკო ფხაკაძეს ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს, “რუსთავი 2-ის” გადაცემა “ღამის კურიერის” მთავარი პროდიუსერია.

“ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით რთული იყო წინა წელი, მაგრამ პარტნიორის ძალისხმევით, ქიბარ ხალვაშის ძალისხმევით, არხმა შეინარჩუნა პოზიციები. ახლა გვაქვს ამოცანა, რომ წავიდეთ წინ, გავაუმჯობესოთ ეს მდგომარეობა და დავიბრუნოთ პირველობა. ამისთვის გვჭირდება მხარდაჭერა და ამ შემთხვევაში “პარიმტაიმმა” გამოთქვა ინტერესი”, - ამბობს პაატა სალია.

მისივე თქმით, “რუსთავი 2” და Prime Time როგორც საინფორმაციო საშუალებები - სააგენტო და სატელევიზიო არხი, ცალ-ცალკე დარჩება:

“მოხდა სტრუქტურული გაერთიანება, მენეჯმენტი, გარკვეული პროცესების მართვა, და ა.შ., რაც ნაკლებად ჩანს ინტერფეისზე, ანუ მაყურებელმა ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება აღიქვას უკეთესი პროდუქტების ნახვის შედეგად და არა რაიმე სხვა სახით. სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება”, - განმარტავს სალია.

“რუსთავი 2-ის” დირექტორი ამბობს, რომ მაუწყებელში ბევრი სიახლე, მათ შორის ახალი პლატფორმების შექმნა იგეგმება. ამჟამად ამ მიმართულებით მხოლოდ გარკვეული მონახაზი არსებობს. პაატა სალია არხზე “ბევრი საინტერესო სახის დამატებას” აანონსებს და ამბობს, რომ ახალი თანამშრომლების აყვანის პარალელურად, შესაძლოა, არხს გუნდის ზოგიერთ წევრთან დამშვიდობება მოუწიოს, ასევე ჩანაცვლდეს გადაცემები. უკვე ცნობილია, რომ “რუსთავი 2-ში”დაბრუნდნენ გიორგი ხაბურძანია - მთავარ პროდიუსერად და დემნა ჯაფარიძე - არხის მთავარ რეჟისორად.

“გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ არ იგეგმება რაიმე მასობრივი დათხოვნა თანამშრომლების, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს ბევრი მიმართულებით. შესაძლოა ვიღაცასთან მოგვიწიოს დამშვიდობება, შესაძლებელია გარკვეული გადაცემების ჩანაცვლება მოხდეს სხვა ტიპის გადაცემებით - ეს ყველაფერი სამუშაო პროცესია. იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ და გვექნება ის გადაცემები, რაც კიდევ უფრო მეტ რეიტინგს მოიტანს”,- აცხადებს პაატა სალია “მედიაჩეკერთან”.

რამდენიმე დღის წინ არხზე დაბრუნდა ჟურნალისტი დავით ნიკურაძეც, რომელიც ვაშინგტონის ბიუროს წარმოადგენს. კორესპონდენტმა "რუსთავი 2" 2019 წელს გუნდის სხვა წევრებთან ერთად დატოვა და მოგვიანებით მუშაობა "ფორმულაზე" განაგრძო.

დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია კი "რუსთავი 2-დან" ტელეკომპანია "იმედში" 2017 წელს გადავიდნენ. ისინი "რუსთავი 2-ზე" სხვადასხვა შოუს, მათ შორის " ნიჭიერს" და "საქართველოს ვარსკვლავს" ამზადებდნენ. მათ მფლობელობაში არსებული კომპანია “ნოვა პროდაქშენსი“ შოუებს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ქმნის.

"რუსთავი 2-ში" სტრუქტურული რეორგანიზაცია მარტის დასაწყისში გამოცხადდა. მაუწყებლის გენერალური დირექტორი პაატა სალია “მედიაჩეკერთან” აცხადებდა, რომ რეორგანიზაციის მთავარი მიზანი საეთერო ბადის განახლება და არხის სტრუქტურულად დახვეწაა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ