ვენეციის კომისია "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში
შეტანილ ცვლილებებში ხარვეზებს ხედავს. კომისიის მიერ გავრცელებულ
დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონის
46-ე მუხლი მედიის თავისუფლებას სახელმწიფოს ჩარევის რისკის წინაშე
აყენებს და შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ე.წ გამყინავი
ეფექტი გამოიწვიოს.
გარდა ამისა, კომისიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ
46-ე მუხლის ამჟამინდელი ვერსია არ შეესაბამება საკუთრების უფლებას,
ვინაიდან არ არის წარმოჩენილი მისი ლეგიტიუმურობა და თანხვედრაში არ
მოდის პროპორციულობის ტესტთან.
საუბარია "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში მთავრობისა და
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებულ და შემდგომ უკვე
მიღებულ ცვლილებებზე, რომლის
თანახმადაც, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლება აქვს ელექტრონული
საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური
მმართველი დანიშნოს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების
მიზნით. თავის მხრივ სპეციალურ მმართველს რიგი უფლებამოსილებები
ენიჭება.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ კანონის 46-ე მუხლი სპეციალური
მმართველის ფართო უფლებამოსილებას ითვალისწინებს და მას კომპანიის
სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობას აძლევს, მაგალითად,
დანიშნულ მმართველს შეუძლია სამაუწყებლო კომპანიაში შეცვალოს
მაკონტროლებელი რედაქტორები და, ამგვარად, გავლენა იქონიოს სარედაქციო
პოლიტიკაზე. ვენეციის კომისიისვე განცხადებით, აღნიშნული მუხლი
მეტისმეტად ფართო და ბუნდოვანია, ის "კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიას" საშუალებას აძლევს სპეციალური მმართველი აღჭურვოს ყველა
მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების უფლებით, ისე, რომ არ
დაექვემდებაროს კონტროლს.
დასკვნაში განმარტებულია, რომ კანონში შეტანილი ცვლილებებიდან
გამომდინარე სამაუწყებლო საქმიანობაში სპეციალური მმართველის პირდაპირ
ან არაპირდაპირ ჩარევის რისკი არსებობს. მაგალითად დასაქმების კუთხით
ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს
მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე,
კომისია მიიჩნევს, რომ "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონის
46-ე მუხლი მედიის თავისუფლებას სახელმწიფოს ჩარევის რისკის წინაშე
აყენებს და შესაძლოა ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერაციების
სამაუწყებლო მხარის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ე.წ გამყინავი ეფექტი
გამოიწვიოს.
დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ კანონში ცვლილებები დაჩქარებულად,
სამი საპარლამენტო მოსმენით შევიდა, რამაც შეზღუდა სამოქალაქო
საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების დემოკრატიულ დიალოგში
წვლილის შეტანის შესაძლებლობა. ვენეციის კომისია პრობლემურად
მიიჩნევს, მე-11 მუხლში არსებულ ცვლილებებსაც და საერთო ჯამში
ასკვნის, რომ ზემოთხსენებულ მუხლებში არსებული ჩანაწერები შესაძლოა
სერიოზული შედეგის მომტანი აღმოჩნდეს საკუთრების, მედიის
თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების
მიმართულებით.
ვენეციის კომისია კანონში შესწორებების შეტანის აუცილებლობაზე წერს და
რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორის რეგულაციების გავლენის
შეფასებისა (RIA) და ყველა მხარესთან კონსულტაციების ჩატარებას,
კონკრეტული ფრაზების განმარტებას, სპეციალური მმართველის დანიშვნის
გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ დეტალების დაზუსტებას და
სხვ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილებები საქართველოს
პარლამენტმა 17 ივლისის პლენარულ სხდომაზე 88 ხმით არცერთის
წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილების თანახმად, "კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" მიერ
დანიშნული სპეციალური მმართველი უფლებამოსილია:
ცვლილებების მიღებამდე არასამთავრობო სექტორი საკანონმდებლო ცვლილებების შესაძლო საფრთხეებზე საუბრობდა.