30.03.2021
ამის შესახებ კახიშვილმა დღეს, 30 მარტს, პარლამენტის სესიაზე ისაუბრა:
"ყველაფერს სჭირდება რეგულაცია. ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმები, ფაქტობრივად, არ არის. რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა რაღაც ტიპის სიუჟეტები. ერთ-ერთი სიუჟეტის შესაბამისად თუ ვიმსჯელებთ, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი ვარ, ამიტომ უკვე .. ზღვარს გადაცილებულია ასეთი მოქმედებები.
დღეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი "ჟურნალისტი" და გრადაცია, ვინ არის ჟურნალისტი, არ არის.
ჟურნალისტი არის ის ადამიანი, რომელიც მედიაში, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს თუ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და სამ სტატუსს დაწერს? ისე, სხვათაშორის, მეც "პალიტრაზე" ორი წელი გადაცემა მიმყავდა, რაღაც სტატუსებს მეც ვდებდი და ბლოგიც მიმყავდა "კვირის პალიტრაში". შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მეც ჟურნალისტი ვარ", - განაცხადა კახიშვილმა.
მოგვიანებით, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში ეს საკითხი დააზუსტა და თქვა, რომ ჟურნალისტური მასალების გასაჩივრების არსებული ორი მექანიზმი: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და სასამართლო საკმარისი არაა, რადგან განხილვებს დიდი დრო სჭირდება და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შემთხვევაში „არავინ იცის, რა შედეგს გამოიტანენ“.
დეპუტატისვე განმარტებით, ის საუბრობს არა იმაზე “მედიას დაუწესონ, რა გააშუქოს და არა არა”, არამედ იმაზე, რომ “სასამართლო განხილვები, რომელიც დროში არ არის რეგლამენტირებული, დავარეგლამენტიროთ სარჩელი თუ შევიდა, რა ვადაში უნდა განიხილოს მოსამართლემ“.