ქართული მედიაგარემო აშშ-ის სახ.დეპის 2020 წლის ანგარიშში
31.03.2021
აჭარის ტელევიზიისა და "რუსთავი 2-ის" საქმეები, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიების მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, ხელისუფლების მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობები, თანამშრომელთა გათავისუფლებები, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა - ეს ნაწილია იმ საკითხებისა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა.

გამოხატვის, მათ შორის პრესის თავსუფლებას 2020 წლის დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა. ანგარიშის ეს ნაწილი ძირითადად არასამთავრობო სექტორისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებებს ეყრდნობა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენიტის გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების შესახებ 2020 წლის ანგარიშში მედიასთან დაკავშირებით რამდენიმე ასპექტია გამოყოფილი:

  • დოკუმენტში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი მედია “ძალიან აქტიური იყო და მრავალფეროვან შეხედულებებს გამოხატავდა”. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამდნენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის” ხელმძღვანელებსა და მმართველი პარტიას შორის მჭიდრო ურთიერთობის, მმართველი პარტიის სასარგებლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო მიკერძოების, მედია პლურალიზმის შემცირებისა და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ჩანდა.

  • პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ბონდო მძინარაშვილის დანიშვნა, რომელიც ცნობილია თავისი ჰომოფობიური რიტორიკით ტელეკომპანია “ობიექტივზე”.

  • ზოგიერთი მედიასაშუალება, სადამკვირვებლო ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავდა მედიის პლურალიზმის შემცირებისა და მედიაზე პოლიტიკური გავლენის გაგრძელების, ასევე ზოგიერთ მედიასაშუალებაში პოლიტიკური ჩარევის გამო. ბრალდებები იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებაც.

    ანგარიშში ნახსენებია, რომ გასულ წელს სამოქალაქო ჯგუფების განცხადებით, 2019 წელს აჭარის ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ მმართველი პარტია “აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გადაჭარბებული გავლენის მოპოვების მცდელობას აგრძელებდა.

    კაპანაძემ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა წააგო. რამდენიმე ცდის შემდეგ კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლობის მრჩეველთა საბჭომ ახალ დირექტორად გიორგი კოხრეიძე დანიშნა, რომელმაც მენეჯმენტისადმი კრიტიკულად განწყობილი ათობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

  • თებერვალში გადადგა აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” ცნობით ამის მიზეზად “პოლიტიკური ზეწოლა” სახელდებოდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაახლოებით ⅓-მა (100) თანამშრომელმა თავიანთი უფლებების დასაცავად ალტერნატიული პროფკავშირი დააფუძნა. სოლიდარობის აქციები გაიმართა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

    მარტში არასამთავრობო სექტორმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს იმის შესახებ, რომ განვითარებულ მოვლენებს შესაძლოა ნეგატიური გავლენა ჰქონოდა გამოხატვის თავისუფლებაზე. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა თანამშრომლებმა რამდენიმე სარჩელი შეიტანეს და პროკურატურას მიმართეს გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით.


« ანგარიშში ნახსენებია, რომ სამოქალაქო ჯგუფების განცხადებით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ, მმართველი პარტია “აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გადაჭარბებული გავლენის მოპოვების მცდელობას აგრძელებდა »



  • “რუსთავი 2-ის” საქმეზე ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეშფოთებები გრძელდებოდა მედიის პლურალიზმის შემცირებასა და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მედიასაშუალებების კონცენტრაციის გაზრდის თაობაზე, ვინაიდან არხის წინა მფლობელი აფილირებული იყო”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, ხალვაში კი მმართველ პარტიასთან. მენეჯმენტის ცვლილების გამო გათავისუფლებულმა ზოგიერთმა ჟურნალისტმა შრომითი უფლებების დაცვა სასამართლოში სცადა.

    ანგარიშში ნახსენებია, რომ დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის მიმართ "რუსთავი-2-ის" კრიტიკულობა შერბილდა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ყოფილი თანამშრომლები გადავიდნენ 2019 წელს დაფუძნებულ "მთავარ არხზე", რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტია "ენმ-სთან" და რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია. "რუსთავი 2-ის" სხვა ყოფილი ჟურნალისტები "ფორმულას” ან "TV პირველს" შეუერთდნენ. 

  • სახალხო დამცველის აპარატი და არასამთავრობო ორგანიზაციები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ მედიასაშუალებების ან მათი მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ომბუდსმენი აცხადებდა, რომ დამოუკიდებელი სატელევიზო კომპანიების მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები წარმოშობდა კითხვებს "ქვეყანაში დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის დევნის მცდელობების შესახებ".

    სახ.დეპის ანგარიშში საუბარია “მთავარი არხის” წლის მფლობელის გიორგი რურუას თავისუფლების აღკვეთის შესახებ, რაც არასამთავრობო სექტორმა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია. რამდენიმე უფლებადამცველი ჯგუფი და ოპოზიციური პარტია რურუას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას 2019 წლის ივნისის აქციებში მის აქტიურობასა და ოპოზიციურ ტელევიზიაში წილის შეძენას უკავშირებდა.

  • ანგარიშში მოხვდა 1 დეკემბერს "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლო პროცესის განახლების შესახებ შეტყობინება, რომელიც ოპოზიციამ მმართველი პარტიის მხრიდან სამაგიეროს გადახდად მიიჩნია "ენმ-სადმი" მთავარი არხის კეთილგანწყობილი გაშუქების გამო. დოკუმენტში საუბარია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე. ასევე გვარამიასა და მედიის ადვოკატირების რამდენიმე ჯგუფის განცხადებებზე ამ ბრალდებების პოლიტიკურად მოტივირებულობის შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ გვარამიას თქმით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მის ოჯახს კი უთვალთვალებდნენ.

  • ანგარიშში ნახსენებია იანვარში ტელეკომპანია "მაესტროს" ბიზნეს გადაცემის ჟურნალისტების განცხადება ტელეკომპანია "იმედის" დირექტორის მხრიდან პოლიტიკურ ჩარევასა და ცენზურაზე, მარტში გადაცემა დაიხურა.



⇒  ამ თემაზე ნახეთ: "არხი იყო დაბალანსებული, სანამ ჩვენ ჩაგვითრევდნენ ამ ომში, ახლა ჩვენ ვართ მიკერძოებული" - იმედის დირექტორი



  • სახ. დეპის ანგარიშში აღნიშნულია "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში მთავრობისა და “კომუნიკაციების ეროვნული კომისიის” მიერ ინიცირებული და შემდგომ უკვე მიღებულ ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლება აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რასაც ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიები და მედიის უფლებადამცველი ჯგუფები სამაუწყებლო მედიის თავისუფლების შეზღუდვად და მთავრობის მხრიდან მედიაზე კონტროლის მოპოვების მცდელობად აფასებენ. 


⇒  აქვე შეგახსენებთ, ამ თემაზე მოსაზრებები გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, რომელიც ამბობს, რომ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები მედიის თავისუფლებას რისკის წინაშე აყენებს


  • "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებები დაემთხვა "კომუნიკაციების ეროვნული კომისიისადმი" გამოთქმულ შეშფოთებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობდა თავისი ონლაინ პლატფორმის "მედიაკრიტიკის" საშუალებით, რომელიც 2019 წელის დეკემბერში შეიქმნა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "მედიაჩეკერის" შეფასებას იშველიებს, რომლის თანახმადაც, "მედია კრიტიკის" მთავარი საქმიანობა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების კრიტიკაა.


⇒  წაიკითხეთ "მედიაჩეკერის" მასალა "მედიაკრიტიკაზე": ვის და რას  (არ) აკრიტიკებს მედიაკრიტიკა


  • ეუთოს სადამკვირებლო მისიის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია ძალიან პოლარიზებული იყო, ასევე ნაკლებად იყო ანალიტიკური გაშუქება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით კი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებში დროის უდიდესი ნაწილი მმართველ პარტიას ეთმობოდა და მთავრობა პოზიტიური გაშუქების ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით სარგებლობდა. 

  • ანგარიშში ნახსენებია არჩევნების პერიოდში, ოქტომბერში თავდასხმები ჟურნალისტებზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფები მედიის წარმომადგენლების მიმართ არჩევნების დღეს უცნობი თავდამსხმელების მხრიდან, საარჩევნო უბანზე Publika.ge-ს ჟურნალისტზე თავდასხმის შედეგად მისი დაშავება და კამერის დაზიანება, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი “TV პირველის” ჟურნალისტის მიმართ და On.ge-ის რეპორტიორის კამერის დაზიანება.

    ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება, რა დროსაც, მედიაში გავრცელებული ცნობით, პოლიციამ დააზიანა 4 ჟურნალისტი და მათი აპარატურა. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" განცხადებით, პოლიცია მედიის წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლს დამიზნებით იყენებდა.


ამ თემებზე გაიხსენეთ "მედიაჩეკერის" მასალები:

გლდანის 79-ე უბანზე "პუბლიკისა" და "ტვ პირველის" ჟურნალისტები დაშავდნენ
ცესკოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას დაშავდნენ გადამღები ჯგუფები და დაზიანდა ტექნიკა


 

  • ანგარიშში ნახსენებია 2019 წლის ივნისში აქციის დროს ჟურნალისტების დაშავება და პროკურატურის მიმდინარე გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმების საქმეზე. "მთავარი" არხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქის დაკავება. მოგვიანებით, გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. 

  • სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება მთავარ არხზე 20 ივნისს გასული რეპორტაჟის შემდეგ. 

  • თბილისის მერის კახა კალაძის Facebook-ზე “მთავარი არხის”, “ფორმულასა” და “TV პირველის” წინააღმდეგ მიმართული ფოტოს გამოქვეყნება, რომელიც მერის ინიციატვიას - “სიმართლის მუშტს” უკავშირდებოდა (Facebook live-ით მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის) რაც კოალიციამ “მედია ადვოკატირებისთვის” მერის პოლიტიკური ძალაუფლების მედიაზე თავდასხმების გაძლიერების მცდელობად შეაფასა.

  • 21 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “TV პირველის” მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლის, განცხადება მისდამი მუქარების შესახებ. 

  • ზოგიერთი სადამკვირვებლო ჯგუფისა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოთქმული შეშფოთება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჟურნალისტების დაბარებისა და წყაროს იდენტიფიცირების თხოვნის შესახებ. მაშინ, როდესაც კანონი ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ წყაროების ანონიმურობა და არ არიან იძულებულნი მოწმის სახით ჩვენება მისცენ. 

  • სახ.დეპის ანგარიშში ნახსენებია მედია დამკვირვებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადება, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აგრძელებდა გავლენას მთავრობასა და სასამართლოზე, მათ შორის მთავრობის ქმედებებზე "TV პირველის" მფლობელისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის წინააღმდეგ. 

  • 5 მაისს Facebook-მა "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი კონსულტანტის მფლობელობაში არსებულ საინფორმაციო სააგენტო "ესპერსონასთან" დაკავშირებული გვერდების, ჯგუფებისა და ანგარიშების ქსელი წაშალა და განაცხადა, რომ ეს "ყალბი ახალი ამბების" გვერდები იყო. ამავე დროს, Facebook-მა წაშალა "ენმ-სთან" დაკავშირებული გვერდებიც. ორივე პარტიამ წაშლილ ანგარიშებთან კავშირი უარყო. 

  • ანგარიშში პრესის ნაწილის მიწურულს კი აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ სამხრეთ ოსეთთან შედარებით უფრო მეტადაა მედიის მრავალფეროვნება. ორივე რეგიონში მედიას რუსეთის და დე-ფაქტო ხელისუფლებები ზღუდავენ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ